ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მარტინ ლუთერ კინგის მემორიალს ეწვივნენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მოკლული ლიდერის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ვაშინგტონში მდებარე მარტინ ლუთერ კინგის მემორიალთან მივიდა.

ტრამპს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც შეუერთდა. მათ კინგის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს „დიდებული დღე“ იყო. ხანმოკლე შეხვედრისას, მან მთავრობის ნაწილობრივი დახურვის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

მთავრობის დახურვის გამო თითქმის გაუქმდა მარტინ ლუთერ კინგის მოსაგონარი წირვა, რომელიც ჯორჯიის შტატში, ატლანტაში ერთ-ერთ ეკლესიაში იყო დაგეგმილი, რომელსაც კინგის „სულიერ სახლს“ უწოდებენ.

ებენეზირის ბაპტისტური ეკლესია, მარტინ ლუთერ კინგის ეროვნული ისტორიული პარკის ნაწილია და მთავრობის დახურვის გამო ის დაკეტილი იყო. ყოველწლიური მსახურების ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ იყო, სანამ “დელტას“ ავიახაზებმა, რომლის შტაბბინაც ატლანტაშია, ეროვნული პარკების სამსახურს ამ ობიექტის გასახსნელად გრანტი არ გამოუყო.

კინგის ქალიშვილმა ბერნის კინგმა, მსახურებისას თქვა, რომ ვაშინგტონი ქაოსის მდგომარეობაშია. მან თქვა, რომ ქვეყანა ორ ამერიკად იყოფა და "შეერთებული შტატების" ნაცვლად "განცალკევებული შტატების" ამერიკა ხდება.

ყოველი წლის იანვრის მესამე ორშაბათს, ამერიკელები პატივს მიაგებენ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მოკლულ ლიდერს, რომელმაც 1950-იან და 60-იან წლებში, სამხრეთული სეგრეგაციის წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტების ორგანიზება მოახდინა და შავკანიანებისთვის თანასწორობისთვის და საარჩევნო ხმის უფლებისთვის იბრძოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG