ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურომ ელექტროენერგიის გადანაწილების 30-დღიანი გეგმა წარმოადგინა


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კვირას სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა და ელექტროენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით, მისი გადანაწილების, ერთგვარი გრაფიკის 30-დღიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეს ქვეყანაში წყლისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობისთვისაც გამოსდეგი იქნება.

კვირას ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებით უკმაყოფილო მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში. საპროტესტო აქციაზე წვავდნენ ნაგავს, ახმაურებდნენ ჭურჭელს, შეძახილებით გმობდნენ და წყევლიდნენ პრეზიდენტ მადუროს.

მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ამ 30 დღის განმავლობაში სკოლები კვლავ დახურული იქნება და სამუშაო დღის საათებიც შემცირდება იმისთვის, რომ ენერგიის დაზოგვა მოხდეს.

"დენი გასული ორშაბათის მერე არ გვქონია, ბანკები არ მუშაობს, ტელეფონებს ვერ ვტენით, ვერსად ვრეკავთ, ვერ ვიხდით საბანკო ბარათებით, ვერ ვყიდულობთ პროდუქტს", - ამბობენ კარაკასელი დიასახლისები. მათი დიდი ნაწილი იმაზეც წუხს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი საკვები პროდუქტი აქვთ, მათ ელექტროენერგიის არქონის გამო მაცივარში ვერ ინახავენ.

ნიკოლას მადურო ელექტროენერგიის პრობლემებს "ამერიკის მხრიდან მოწყობილ საბოტაჟს" უწოდებს. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელმაც თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და რომელიც არაერთმა სახელმწიფომ აღიარა ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად, ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მადუროს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"მათ ელექტროენერგეტიკული სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს იმიტომ, რომ კორუმპირებულნი არიან და ახლა მისი გამოსწორება არ შეუძლიათ, რადგან უუნარონი არიან", - ამბობს გუაიდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG