ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ჩრდილოეთ მაკედონიაში 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრო-დასავლურმა მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა სტევო პენდაროვსკიმ უკიდურესად მცირე უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება. მან ხმათა 42.85 % მოიპოვა. მისმა მთავარმა მემარჯვენე მოწინააღმდეგემ კი, რომელსაც ოპოზიცია უჭერდა მხარს, 42.24 %. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიამრთოს. თუმცა პირველ ტურზე მისული მოქალაქეების დაბალი რაოდენობის გამო, არსებობდა ეჭვი, რომ არჩევნები საერთოდ ჩაიშლებოდა. თუმცა აქტივობამ 40 %-იან ბარიერს სულ მცირედით გადააჭარბა და 41.8 % შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 5 მაისს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ჩრდილოეთ მაკედონიაში შეზღუდულია, ამომრჩევლის აქტივობა მაინც ძლიერ მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რათა ქვეყანა პოლიტიკურ გაურკვევლობაში არ აღმოჩენილიყო.

მესამე კანდიდატმა, 59 წლის ბელრიმ რეკამ, რომელიც ეთნიკურ ალბანელთა უმცირესობას წარმოადგენდა, ხმათა დაახლოებით 11 % მოიპოვა და მეორე ტურში ვერ გადავა.

არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ამომრჩეველთა შორის არსებული ძლიერი დაყოფა და მოსახლეობის ნიჰილიზმი, თუ რწმენის არქონა პოლიტიკური სისტემისადმი, რომელიც დიდი ხანია კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო ფართო კრიტიკის საგანია.

ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა საბერძნეთთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სახელს "ჩრდილოეთი" დაემატა და ამით ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დიპლომატიური უთანხმოება დასრულდა. ჩრდილოეთ მაკედონიას ნატო-ში გზა გაეხსნა, რადგან მის წევრობას საბერძნეთი აღარ შეეწინააღმდეგება.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში ჩაიარა, თუმცა ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყანას სხვადასხვა რეფორმის გატარებისკენ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღების ზოგიერთ ბარიერს მოხსნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG