ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის საერთაშორისო მარათონი


ბოსტონში მომხდარი ტერორისტული აქტიდან სულ რამდენიმე დღეში ლონდონში მარათონი გაიმართა

კვირას ლონდონის საერთაშორისო მარათონი 30-წამიანი წუთიერი დუმილით გაიხსნა. შეკრებილებმა პატივი მიაგეს ბოსტონის ტეროტისტულ თავდასხმაში დაღუპულ ადამიანებს. ლონდონის შეჯიბრება პირველია მსოფლიო მასშტაბის მარათონთა შორის, რომელიც ბოსტონის ტრაგედიის შემდეგ იმართება. ორი ბომბის აფეთქების შედეგად მასაჩუსეტის შტატში 3 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

უსაფრთხოების რისკების მიუხედავად, სპორცმენები ლონდონში მაინც ჩავიდნენ. 42-კილომეტრიან გარბენში 35 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მთელი გზის გასწვრივ უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი. პოლიცია კი თითქმის ყველა კუთხეში იდგა. ოფიციალური მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომების დაცვა 40 პროცენტით გაძლიერდა. ლონდონელები ამბობენ, რომ ისინი თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ.

„ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებით დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასე რომ ჩვენმა პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა გაართვან საქმეს თავი“ - ამბობს მარათონის ერთ-ერთი მაყურებელი. მეორე კი დასძენს, რომ ბოსტონის შეჯიბრებასთან ერთგვარი სოლიდარობის შეგრძნება გაუჩნდა:

ამ ამბავმა წელს თითქოს თითოეული ადამიანი გაგვაერთიანა. ყველას ისეთი განწყობა ჰქონდა, რომ ვერაფერი გაგვაჩერებდა და მარათონს აუცილებლად ჩავატარებდით. მგონი იმაზე მეტი ხალხიც კი ჩამოვიდა, ვიდრე ადრე“.

„რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შეჯიბრებას მაინც ჩავატარებთ. ამას ვერაფერი შეცვლის“ - ამბობს ლონდონელი მამაკაცი. მისი მეგობარიც იმავე აზრისაა:

„დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს“.

მორბენალმა ენდი ჰოლვეიმ ტრასა 2 საათში, 59 წუთში და 24 წამში დაასრულა. ის მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ამბობს, რომ ბოსტონზე ფიქრი ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

მორბენლებიც საზოგადოების წევრები არიან. მარათონში მონაწილეებს ეს განსაკუთრებით ეხება. ბოსტონის მოვლენები თითოეულ ჩვენთაგანს შეეხო, წარმოუდგენელია სხვანაირად. სულ იმათზე ვფიქრობდი“ - ყვება მარათონის მონაწილე.

ტურნირში ეთიოპელმა ცაგაე კებედემ გაიმარჯვა. მან 42 კილომეტრი 2 საათში 6 წუთში და 4 წამში გაირბინა.
XS
SM
MD
LG