ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები ქალაქ ბანი ვალიდის მისადგომებთან დგანან


ლიბიელი მეამბოხეები ქალაქ ბანი ვალიდის მისადგომებთან დგანან

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ძალები ქალაქ ბანი ვალიდის მისადგომებთან დგანან, რომელიც ჯერ კიდევ კადაფის მომხრეების ხელშია.

ოპოზიციის საველე მეთაურებმა კადაფის მომხრეებს რამდენიმეჯერ წაუყენეს ულტიმატუმი დანებების შესახებ, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში არავინ იცის.

საგუშაგოზე მდგარი მეომარი რენაი მოქთარ რენაი ამბობს, რომ ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს პოლიტიკური ლიდერების ბრძანებებს ემორჩილება. მისი თქმით:“ მე ვფიქრობ თქვენთვის ცნობილია, რომ ეროვნულმა საბჭომ მათ ერთი კვირის ვადა მისცა.“

ამჟამად ბანი ვალიდის რაიონში მცხოვრებ ტომთა ბელადებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც იმედია მშვიდობიანად დასრულდება.

მოჰამედ აბდელ ხადრი ბანი ვალიდი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თარჰუნას მაცხოვრებელია. მისი თქმით:“ მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე დამთავრდება. ისედაც ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. სამხედრო და სამოქალაქო პირები.“

ქალაქის ჩრდილოეთით განლაგებულ საგუშაგოებზე მდგარი მეომრები მხიარულ განწყობაზე არიან. რამდენიმე თვიანი ბრძოლების შემდეგ როგორც იქნა მათ დასვენების საშუალება მიეცათ. ახლა ისინი დროს ცხვრისგან დამზადებული კერძის დაგემოვნებაში ატარებენ.

როგორც ჯარისკაცების ერთ-ერთი მეთაური აცხადებს მეომრებს ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა სურთ. მისი თქმით:“ მეომრების უმრავლესობა ბანი ვალიდიდან არიან. მათი მიზანია ქალაქში მშვიდობიანად შესვლა. ჩვენ მხოლოდ მათ წინააღმდეგ ვიბრძვით ვისაც სისხლისღვრის და ომის გაგრძელება სურს. ჩვენ ვლოცულობთ რომ ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი ბიჭების სიცოცხლე.“

როგორც მეომარი რენაი მოქთარ რენაი ამბობს:“ ჩვენ შაბათამდე მოვიცდით და თუ არაფერი მოხდება მერე დავიძრებით წინ.“

ამჟამად კი ეს მეომრები დგანან და ელიან ამ პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას.

XS
SM
MD
LG