ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელების სიმბოლური პროტესტი ვაშინგტონში


ლიბიელების სიმბოლური პროტესტი ვაშინგტონში
ლიბიელების სიმბოლური პროტესტი ვაშინგტონში

ლიბიის მთავრობის მოწინააღმდეგენი ვაშინგტონში ლიბიის საელჩოს წინ შეიკრიბნენ, რათა სიმბოლური პროტესტი გამოეთქვათ ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა სიტუაციამ უმართავი ხასიათი მიიღო.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, საელჩოს თავზე ლიბიის ძველი დროშის აღმართვა სურდათ, რომელიც 42 წლის წინ მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლამდე ლიბიის სახელმწიფო დროშა იყო. თუმცა მათი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

საპროტესტო აქციის ლიდერის ალუ აბუზააკოუკის განცხადებით: “მათ შეცვალეს ყველაფერი და ახლა აკონტროლებენ მთელს შენობას. კადაფის ერთგულმა გარეწრებმა აქაც იგივე ჩაიდინეს, რაც ლიბიაში.“

ორშაბათს კადაფის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ლიბიის ელჩის მოვალეობას დიპლომატიური მისიის ყოფილი მოადგილე ფათ ელ-ჰალფი შეასრულებს. ამ გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა აღშფოთება გამოიწვია: “ეს კაცი კადაფისთან არის შეკრული და ლიბიელ ხალხთან მას არაფერი აკავშირებს, შეერთებული შტატების მთავრობამ ძალიან კარგად იცის ეს ამბავი.“

საელჩოს წინ შეკრებილი ხალხის განცხადებით ელ-ჰალფი არ წარმოადგენს ლიბიელ ხალხს, ისევე როგორც კადაფი არ იცავს ლიბიელთა ინტერესებს. დემონსტრანტების სურვილია, რომ ვაშინგტონმა მხარი დაუჭიროს ყოფილ ელჩს ალი აუჯალის, რომელიც ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო გადადგა თანამდებობიდან.

აუჯალი გადადგა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის რჩება ლიბიელი ხალხის წარმომადგენლად. ამან საგონებელში ჩააგდო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც აუჯალისადმი გარკვეული სიმპატიების მიუხედავად ვერ გაურკვევია რომელ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ლიბიის საელჩოში მისულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა თავდაპირველად განაცხადეს რომ ლიბიის ამჟამინდელი მთავრობის წარმომდგენელთან მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ, თუმცა შემდეგ საელჩოდან ალი აუჯალის თანხლებით გამოვიდნენ. დემოკრატმა კონგრესმენმა შილა ჯეკსონ ლიმ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: “მადლობა უნდა ვუთხრა ალი აუჯალის, რომელიც ჭეშმარიტ ლიბიას წარმოადგენს, ლიბიელი ხალხის ინტერესების დამცველია. ის დარჩება იმავე შენობაში სადაც ასრულებდა ელჩის მოვალეობას.“

შილა ჯეკსონ ლის განცხადებით ობამას ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს აუჯალის უფლებამოსილება და არა აქვს მნიშვნელობა ვის დაასახელებს ლიბიის ახლანდელი რეჟიმი ელჩის თანამდებობაზე.

თავის მხრივ ალი აუჯალიმ აღნიშნა, რომ ლიბიელ ხალხს ნამდვილი მეგობრები ჰყავს ამერიკელი კონგრესმენების სახით. დემონსტრანტების წინაშე გამოსულ ლიბიელ დიპლომატს ხალხი ოვაციებით შეეგება. საპროტესტო აქციის მონაწილენი მას დღესაც ლიბიის ელჩად თვლიან. ახალ ელჩს კი კადაფის მარიონეტად მიიჩნევენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალუ აბუზააკოუკმა განაცხადა შეერთებული შტატების კონგრესი ჭეშმარიტ ამერიკულ ღირებულებებს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, ცოტა გაუგებარია ვის ხელშია ამჟამად ლიბიის საელჩო ვაშინგტონში, რადგან ორივე ელჩი დადის სამსახურში და თავისი მოვალეობის შესრულებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG