ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბის ელჩები კადაფის წინააღმდეგ


ლიბის ელჩები კადაფის წინააღმდეგ

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ქვეყის მთავრობის ძირითადი წევრების მხარდაჭერას კარგავს. ლიბიის მთავრობის რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც კადაფიმ დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევის გადაწყვეტილება მიიღო. პირველი დემონსტრაცია კადაფის გადადგომის მოთხოვნით აღმოსავლეთ ლიბიაში გასულ ორშაბათს გაიმართა და მოგვიანებით ტრიპოლიში გადაინაცვლა. დემონსტრაციები კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ.

რამდენიმე ქვეყანაში მივლენილმა ლიბიელმა დიპლომატებმა უკვე გააკეთეს განცხადებები. მათ მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმეს. შეერთებულ შტატებში ლიბიის ელჩმა ალი აუჯალიმ მოამარ კადაფის გადადგომისკენ მოუწოდა. თანამდებობები უკვე დატოვეს ლიბიის ელჩებმა ინდოეთში და ინდონეზიაში. საელჩოებმა მალაიზიასა და ავსტრალიაში განაცხადეს, რომ ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ ლიბიის ლიდერის ინტერესებს. თავად ლიბიაში კი შეტაკებები გრძელდება. თვითმხილველთა თქმით, ლიბიის სამხედრო ვერტმფრენებს ტრიპოლიში სამოქალაქო ობიექტებზე მიაქვთ იერიში. ლიბიის ტელევიზიამ კი უცხოური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ სიცრუე უწოდა.

ლიბიაში მეზობელი ქვეყნებიდან გემები და თვითმფრინავები მიემართებიან. მათი მიზანი ქვეყნიდან ათასობით უცხოელი მოქალაქის ევაკუაციაა. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დღეს ქაირომ ლიბიაში სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები გაგზავნა იქ მცხოვრები ასობით ათასი ეგვიპტელის ევაკუაციისათვის. თუმცა, მისი თქმით, ეგვიპტის თვითმფრინავები აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ბენღაზში ვერ დაფრინდებიან, რადგანაც ქალაქის აეროპორტი განადგურებულია. ლიბიაში საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისათვის გემები გაგზავნა თურქეთის მთავრობამაც. თუმცა, თურქეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე ბენღაზშია ჩარჩენილი. თურქეთის მთავრობის განცხადებით ლიბიაში დაახლოებით 25 ათასი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. მათი ძირითადი ნაწილი სამშენებლო ბიზნესშია დასაქმებული. ტუნისის მთავრობის განცხადებით კი, ლიბია უკვე დატოვა სამი ათასამდე ტუნისის მოქალაქემ.

XS
SM
MD
LG