ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება


ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება

26 მაისის აღნიშვნას ლევილში განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა სიახლოვე საქართველოს ისტორიის ამ პერიოდთან, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან და 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციასთან. სწორედ ლევილში შეაფარეს თავი ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობის წევრებმა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.

წლევანდელი 26 მაისი მართლაც გამორჩეული იყო რადგან რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს ხელი მოეწერა მემორანდუმს ლევილის ქართულ კერასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ. ამ დოკუმენტით მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მეთოდებზე შეთანხმდნენ რა გზითაც ლევილის ქართული კერა საქართველოს გადაეცემა.

მემორანდუმს ხელს აწერენ, ლევილის ქართული კერის სახელით - ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქ-ნი ირენ ციციშვილი, ხოლო საქართველოს სახელით - სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბ-ნი მირზა დავითაია. იგი არ წარმოადგენს ქონების საბოლოო გადაცემის აქტს არამედ არის მხოლოდ საწყისი ეტაპი რომელიც სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საფუძველს მოამზადებს და ერთი წლის ვადაში წარადგენს ქონების საბოლოო გადაცემის აქტს რომლის საფუძველზეც საფრანგეთში საქართველოს სახსრებით შეძენილი ეს ისტორიული ქონება ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

ტექსტის მიხედვით, ლევილის ქართული კერა ისტორიულ ადგილად დარჩება სადაც სისტემატურად გაიმართება მის ისტორიასთან დაკავშირებული ღონისძიებები, გაიხსნება მუზეუმი, ბიბლიოთეკა. ასევე, მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება ლევილის ქართული სასაფლაო.

საქართველოს დესპანი საფრანგეთში ბნი გოჩა ჯავახისშვილი ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრობს

მემორანდუმით გათვალისწინებულია რომ ლევილის „შატომ“ - როგორც მას ფრანგულად ეძახიან - შეინარჩუნოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ექსპონატები, პორტრეტები, დოკუმენტაცია, ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი რომელიც მოიცავს ათასობით წიგნს, მნიშვნელოვან დოკუმენტს რომელიც ემიგრაციაში წამოიღო პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. ამ ადგილზე ჩაფიქრებულია რომ გაიხსნას ფრანგულ-ქართული კულტურული ურთიერთობების ცენტრი რომელიც ადგილობრივი ლევილის მერიასთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავებს სახვადასხვა კულტურულ პროექტებს რომლის დაფინანსებაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამის საფუძველზე შეიქმნება დინამიური, აქტიური, ცოცხალი მოქმედი ფრანგულ-კულტურული ცენტრი რომელიც საფრანგეთში საქართველოს სახელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ქალაქ ლევილის მერი ბ-ნი დანიელ ესპრენი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს ლევილის მამულის მნიშვნელობას საფრანგეთის ისტორიისათვის:

„მოხარული ვარ რომ მიღწეული იქნა შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და ნოე ჟორდანიას მემკვიდრეებს შორის, ვგულისხმობ მისი მთავრობის წევრების მემკვიდრეებსაც - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალაქ ლევილის მერმა ბ-მა დანიელ ესპრენმა. რასაც ჩვენ დღეს ლევილის ქართველთა კერას ვეძახით, ამ ადგილს საფრანგეთისთვისაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს ვინაიდან აქ თავის დროზე დიდი და ცნობილი ფრანგული ოჯახები ცხოვრობდნენ. ყველა ფრანგისათვის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე დე ლასეპედი რევოლუციის პერიოდში სწორედ ამ სახლს აფარებდა თავს. როგორც ლევილის მერი, ჩემი მისიაა, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ დავეხმარო საქართველოსა და ლევილის ქართულ კერას მათი სურვილის განხორციელებაში ისე რომ არ დაიკარგოს ფრანგული ისტორიის კვალი.“

ემიგრაციაში წამოსული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საზოგადოება „ქართული კერა 1926 წელს დააარსა“ და ლევილის მამული შეისყიდა რომელიც ოფიციალურად 1928 წლის 30 აპრილიდან გაფორმებულია როგორც ქართველი ხალხის საკუთრება. ბოლო დრომდე, ქართველთა საცხოვრებელსა და ადგილ-მამულს საზოგადოება „ქართული კერა“ განაგებდა საკუთარი ხარჯებით. ხელმოწერილი დოკუმენტით საქართველო პასუხისმგებლობას იღებს რომ სრულიად უზრუნველყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული, მორალური და ფინანსური ვალდებულებები.

მემორანდუმის ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში ამოქმედდება 6 კაციანი კომისია, მხარეების სამსამი წარმომადგენლებისაგან შემდგარი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო გაიღებს ხარჯებს ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებისათვის და შეიმუშავებს წინადადებებს ლევილის მამულის მომავალში ფუნქციონირების შესახებ, მემორანდუმში დასახული მიზნების გათვალისწინებით.

მხარეები სურვილს გამოთქვამენ რომ ლევილი როგორც წინააღმდეგობის, თავისუფლების სიმბოლო ისტორიაში საქართველოს მაღალკულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობად დარჩეს.

XS
SM
MD
LG