ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის პოლიციით ალყაშემორტყმულ კამპუსში 200-მდე დემონსტრანტი რჩება


ჰონგ-კონგის პოლიციით ალყაშემორტყმულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 200-მდე დემონსტრანტი რჩება. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსში დემონსტრანტებთან ერთად იმყოფებოდა, ადგილზე არსებულ მძიმე და უიმედო სიტუაციას აღწერს და ამბობს, რომ ორი თინეიჯერი თავის მოკვლასაც აპირებდა.

კვირას ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრანტები იმალებოდნენ. სტუდენტებმა პოლიციას თვითნაკეთი იარაღით, ქვებით, აგურებით და სხვა საშუალებებით წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ოფიციალური პირები მხოლოდ "რადიკალური აქტივისტების" დაკავების ოპერაციას ადასტურებენ.

ჰონგ-კონგის მმართველმა კერი ლემმა სამშაბათს პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია და იმედოვნებს, რომ სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდება. თუმცა ლემმა პოლიციის ქმედებები დაიცვა და გაამართლა და თქვა, რომ შოკირებულია იმით, თუ როგორ აქციეს კამპუსი სტუდენტებმა "იარაღის ქარხანად".

საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში ზაფხულში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტები მოითხოვდნენ იმ კანონპროექტზე უარის თქმას, რომელიც ჰონგ-კონგში დაპატიმრებულთა ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებდა. ადგილობრივი ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ეს პროექტი უარყვეს, მაგრამ პროტესტი არ წყდება და აქტივისტები აქციებზე პოლიციის ძალისმიერი ქმედებების გამოძიებას, ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებასა და ავტონომიის ხელმძღვანელის, კერი ლამის გადადგომას მოითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG