ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაფიკ ჰარირის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა


რაფიკ ჰარირის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შეკითხვა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაფიკ ჰარირის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის დროს იმგვარი სიძლიერის აფეთქება მოხდა, რომ ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. ამ ტერაქტმა ბეირუთის ცხოვრებაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, ფიზიკური და ემოციური გავლენა მოახდინა.

აფეთქების შემდეგ უამრავი დაჭრილი სასწრაფო მანქანებით ამერიკული უნივერსიტეტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ლიბანის ჰაიგაზიანის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პოლ ჰაიდოსტიანი მაშინ ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით:“ მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების რაექცია. ჩვენ ხომ ტერაქტის ადგილიდან ასე ახლოს ვიმყოფებოდით. ისე ძლიერ შეგვაზანზარა, რომ ფიზიკურად ვიგრძენით რა საშინელებაც მოხდა. ამან ყველა პოლიტიკურ პარტიაზე იქონია გავლენა. ყველა მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგა.“

ამ მკვლელობის შემდეგ ათასობით ლიბანელი გამოვიდა ბეირუთის ქუჩებში სირიის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, რომლებიც ლიბანის სამოქალაქო ომის დროს შევიდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

ლიბანელი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა აღნიშნული ტერაქტის მოწყობაში სირია დაადანაშაულა. ლიბანში პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზება მოხდა. ქვეყანა სირიის მომხრეებად და მოწინააღმდგეებად დაიყო. დამასკო იძულებული გახდა ლიბანიდან თავისი ჯარები გაეყვანა.

ბეირუთში კარნეგის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის დირექტორის პოლ სალემის განცხადებით სირიელთა გასვლის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა ურთიერთობა ლიბანელ სუნიტებსა და შიიტებს შორის.

მისი თქმით:“ ქვეყანაში დიდი მღელვარება დაიწყო, რომელსაც ზოგიერთები არაბული გაზაფხულის წინამორბედად მიიჩნევენ. ტერაქტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის უშიშროების ძალებმა დატოვეს ლიბანი. ამ ქვეყანაში სირიის ბატონობა დასრულდა. სამწუხაროდ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა დაპირისპირება სუნიტურ და შიიტურ პარტიებს შორის.“

ჰარირის მკვლელობამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გაეროს ტრიბუნალმა გამოძიება დაიწყო და ამ საქმესთან დაკავშირებით ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ჰეზბოლას 4 ლიდერი დაადანაშაულა.

ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ბატონი სალემის განცხადებით ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ლიბანში:“გაეროს გამოძიებამ ჰეზბოლას საწინააღმდეგო დასკვნები გამოიტანა, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა სუნიტებსა და და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირება. სირიაში მიმდინარე მოვლენები ამ კონფრონტაციის გამწვავებას უწყობს ხელს.“

ლიბანის ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროფესორის ლუის ჰობეიკას განცხადებით სირიის ჯარების გასვლის შემდეგ ლიბანშიც და სირიაშიც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. მისი თქმით:“ რაც ახლა სირიაში ხდება სწორედ ჰარირის მკვლელობის შედეგია. ლიბანი სირიის ეკონომიკური ფილტვების როლს ასრულებდა და აქედან გასვლის შემდეგ დამასკო ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ამ ტერაქტმა ლიბანის ეკონომიკასაც დიდი ზარალი მიაყენა.“

პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით ლიბანის ეკონომიკა ნელ-ნელა გამოდის კრიზისიდან, ჰეზბოლა კი ამასობაში უძლიერეს პოლიტიკურ ძალად გადაიქცა.

XS
SM
MD
LG