ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ადმინისტრაციის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი ადამ შიფი ამბობს, რომ კანონმდებლებმა შესაძლოა პრეზიდენტს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში დასდონ ბრალი.

საუბარია ევროკავშირში ამერიკის ელჩის, გორდონ სონდლენდის მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც, ის კონგრესის წინაშე არ უნდა წარდგეს. კონგრესის წევრებს კი მის მიმართ კითხვები დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის საუბრისა და შესაძლო გადაცდომების თაობაზე აქვთ. წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის გამოძიება დაიწყო იმ საკითხის დასადგენად, ცდილობდნენ თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები უკრაინელ კოლეგებზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს ჯო ბაიდენის, დონალდ ტრამპის მეტოქის შვილის ბიზნეს-საქმიანობა გამოეძიებინა.

ადამ შიფის თქმით, ამ მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე და დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის თქმა კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულევა იქნება იმისა, რომ კონგრესის მიერ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას ხელი ეშლება. ამის შესახებ შიფმა დღეს კონგრესში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა.

ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაიცვა და გაამართლა.მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ სონდლენდს სავსებით მიკერძოებული ადამიანებისთვის მოუხდებოდა ჩვენების მიცემა, ადამიანებისთვის, რომლებიც "კენგურუ სასამართლოს" მოაწყობდნენ - ტერმინი არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული მართლმსაჯულების თუ სასამართლოს აღსანიშნავად გამოიყენება, როცა მოსამართლე თუ მსაჯული სიმართლის დადგენაზე მეტად იმითაა დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი კვალი იპოვოს. ტრამპის თქმით, საზოგადოება რეალური ფაქტების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს. მან იქვე აღნიშნა, რომ სონდლენდის მიმოწერით დასტურდება, რომ პრეზიდენტის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისას არანაირი გადაცდომა არ მომხდარა.

8 ოქტომბერს დილიდან წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის წევრებს სონდლენდისთვის უნდა მოესმინათ. მას შეკითხვებისთვის პასუხი დახურულ კარს მიღმა უნდა გაეცა. მაგრამ ამ უკანასკნელის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი იძულებულია დაემორჩილოს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ბრძანებას. "ის მოქმედი ელჩია და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი. ის ვალდებულია მითითებებს დაემორჩილოს", - განაცხადა ადვოკატმა.

გორდონ სონდლენდის გამოკითხვა მიმდინარე იმპიჩმენტის გამოძიების ნაწილია, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს კიდევ ერთხელ უწოდა თაღლითობა, რომელსაც დემოკრატები მომავალ წელს არჩევნებში მისი გამარჯვების თავიდან ასაცილებლად სჩადიან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG