ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რინკევიჩსი: ლატვიაში დონბასის, ან ლუგანსკის სცენარი შეუძლებელია


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩსი ვაშინგტონში იმყოფებოდა. ის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შეხვდა და ივლისში, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი განიხილა. ლატვიელ მინისტრს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ესაუბრა. რას ელოდება ლატვია ნატოს სამიტისაგან, განსაკუთრებით რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის ფონზე?

„ველოდებით გრძელვადიან, ხელშესახებ გადაწყვეტილებებს რუსეთის შეკავების პოლიტიკის მიმართულებით. ველოდებით ბალტიის სახელმწიფოებში ნატოს გაძლიერებას. გვინდა, დავინახოთ, რომ ნატო უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებთან - მაგალითად, შვედეთსა და ფინეთთან. აგრეთვე გვინდა, რომ ნატო ჩვენი საჰაერო სივრცის პატრულირებიდან მის დაცვაზე გადავიდეს. ვარშავის სამიტზე ძლიერი გზავნილი უნდა გაჟღერდეს, რომ ნატო მზადაა, დაიცვას მისი მოკავშირეები, განსაკუთრებით ევროპის აღმოსავლეთში.“

ამერიკის ხმის კორესპონდენტი დაინტერესდა, რა საფრთხეებს ელის მინისტრი რინკევიჩსი რუსეთისაგან:

„ვითარება ძალიან რთულია ბევრი თვალსაზრისით. ვისმენთ რუსეთის ძალიან აგრესიულ რიტორიკას. 2014 წლის შემდეგ გვესმის გაუთავებელი საუბრები ეგრეთ წოდებული „რუსული სამყაროს“ შესახებ, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, დაიცვას, მათ შორის, სამხედრო ძალით, რუსული კულტურა. ვხედავთ, რომ რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგია ბირთვული იარაღის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. ბალტიისპირეთის საზღვრებთან თვალს ვადევნებთ რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრას. მიმდინარეობს რუსული არმიის მოდერნიზაცია. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისათვის სერიოზული გამოწვევაა. კიდევ ერთი ელემენტია რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ცდილობს ევროპელთა და მათ შორის, ლატვიის მოქალაქეთა დარწმუნებას, რომ ევროპა დამარცხდა და ახლა რუსეთის დროა.“

ლატვიის მოსახლეობის 28 პროცენტი რუსულენოვანია. მინისტრი რინკევიჩსი დარწმუნებულია, რომ ლატვიაში დონბასის, ან ლუგანსკის სცენარის გათამაშება შეუძლებელია, რადგან ლატვიის მოსახლეობა ევროკავშირში ყოფნის არაერთ უპირატესობას ხედავს.

XS
SM
MD
LG