ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლათინო-ამერიკელებმა შეიძლება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვიტონ


პენსილვანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე მერყევ შტატს შორის, რომლებიც ხშირად მთელი ამერიკული არჩევნების ბედს წყვეტს ხოლმე. ბოლო ათი წლის განმავლობაში ლათინო-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა შტატში 28 %-ით გაიზარდა. 2016 წელს პენსილვანიაში დონალდ ტრამპმა ძალიან მცირე უპირატესობით დაამარცხა დემოკრატი მეტოქე ჰილარი კლინტონი.

კაფეს მფლობელი ჯოანი კეპედა-ფრეიტისი ლათინური წარმოშობის ერთადერთი წარმომადგენელია პენსილვანიის ქალაქ რიდინგის ექვსწევრიან საბჭოში. ამბობს, რომ მისი არჩევა ადვილად არ მომხდარა, რადგან ხალხს გამუდმებით აქვს განცდა, თითქოს მათი ხმა უმნიშვნელოა.

ქალაქ რიდინგის მახლობლად სოკოს მინდვრებში სამუშაოდ ნახევარი საუკუნის წინ პუერტო რიკოელების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა. მას შემდეგ ქალაქში ლათინო-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობა 65 %-მდე გაიზარდა და მანამდე იქ მცხოვრები, გერმანული წარმოშობის საბაზისო კონსერვატიული ამომრჩევლის უმრავლესობა ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოანი კეპედა ნიუ-იორკშია დაბადებული და მისი მშობლები დომინიკის რესპუბლიკიდან არიან, მას ხშირად დოკუმენტების გაყალბებაშიც კი სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ მისი მოქალაქეობა არალეგალური გზებითაა მოპოვებული.

ამგვარი დამოკიდებულებისა და სხვა მიზეზების გამო, ქალაქ რიდინგს ლათინური წარმოშობის მერი არასდროს ჰყოლია. ედი მორანი, რიდინგის სკოლის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ წლის ადგილობრივ არჩევნებში სწორედ ამ პოსტისთვის იბრძოლებს და მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. მორანი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, რომელშიც სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მოქალაქეებმა შესაძლოა გარდამტეხი წვლილი შეიტანონ.

და მართლაც, 32 მილიონი ლათინო-ამერიკელი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ მოქალაქეთა შორის ყველაზე დიდი რასობრივ-ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იმაზე, შეძლებს თუ არა დემოკრატი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტის დამარცხებას.

"დემოკრატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის ხმები შეინარჩუნონ, რეპუბლიკელებისთვის კი ლათინო ამომრჩევლების მიმხრობაა აუცილებელი", - ამბობს ტერი მადონა, პოლიტიკისა და საჯარო საქმეთა ცენტრის დირექტორი ფრანკლინისა და მარშალის კოლეჯში.

ლათინური ამერიკული წარმოშობის ამომრჩეველთა 73 % ამჟამად აპირებს მხარი დაუჭიროს, ან მეტად იხრება დამოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ. ამ მონაცემებს ტელეკომპანია "უნივიჟენის" გამოკითხვის შედეგებში ვხედავთ. ყველაზე კრიტიკული ოლქები ამ მხრივ შესაძლოა აღმოჩნდეს მექსიკის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ადმინისტრაციული ერთეულები ტეხასში, ოლქი - ორინჯი ფლორიდაში და ლას-ვეგასი ნევადაში.

ქალაქ რიდინგში კი წარმოშობაზე დაფუძნებული კამპანიები გრძელდება. ანჰელ ფიგუერამ, პირველი პუერტორიკოელმა, რომელიც რიდინგის ქალაქის საკრებულოში 2002 წელს აირჩიეს, ფესტივალი და მარში მოაწყო. მისი თქმით, რიდინგი და ბერკსის ოლქი, როგორც წესი ერთ-ერთი გადამწყვეტია საპრეზიდენტო რბოლაში.

"2020 წლის არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია მთელი ამ სიძულვილითა და რიტორიკით, რაც გვესმის, რომ ვფიქრობ დროა, როგორც ბლოკმა, პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი გზავილები ჩვენც მოვასმენინოთ", - ამბობს ფიგუერა.

პრეზიდენტ ტრამპს სამხრეთ ამერიკელთა 30 % უჭერ მხარს. მაგალითად, ნენსი როდრიგესი და ჯუნიორ ხუან-მორალესი ქალაქ რიდინგიდან ამბობენ, რომ მას მხარს იმიტომ უჭერენ, რომ ლათინო-ამერიკული წარმოშობის მოქალაქეებისთვის მეტ შესაძლებლობას ხედავენ და მათ თემზე მეტ კონცენტრირებას.

"ჩვენ ხმა დონალდ ტრამპს მივეცით და ის საქმეს კარგად აკეთებს. არ ვიცი მოგებს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადასაც, მაგრამ თუ მოიგებს, ამას მივესალმები", - ამბობს კრუზ-მორალესი.

ლათინო ამერიკული მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფში უმუშევრობის 4,2 % ფიქსირდება. ეს რეკორდული მინიმუმია, რის გამოც, პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იწონებს თავს.

თუმცა, პენსილვანიაში დონალდ ტრამპმა 2016 წელს 1 %-ზე ნაკლები უპირატესობით, ანუ სულ რაღაც 45 000 ხმით (6 მილიონიდან) დაამარცხა ჰილარი კლინტონი. ეს 176 წლის მანძილზე ყველაზე მცირე განსხვავება იყო, რაც კი საპრეზიდენტო კანდიდატებს არჩევნებში მიუღიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG