ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლალი დანილუკი - "ანგელოზები და ქალაქი"


ლალი დანილუკი, ნიუ-იორკი

ლალი დანილუკი: ჩელსი არის ის ადგილი, რომელსაც მართლა ჩემს საკუთარ სახლად მივიჩნევ. ასეთი შეგრძნებით ვარ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ასე მგონია, რომ ჩავირბინე პურის საყიდლად და უკან, სახელოსნოში ვბრუნდები. ცოტა მეოცნებე ქალაქია ეს. ყველგან და ყველაფერი არის აქ ინსპირაცია, ჰაერიც კი გაჟღენთილია ოცნებით და ინსპირაციით.

ამერიკაში ცხოვრებაზე არასდროს უოცნებია, თუმცა ოცნება ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ უფრო დაიწყო. მისი უახლოესი გეგმები ექვსი წლის წინ, თბილისში ცხოვრების დროს ნიუ-იორკის გალერეებთან დაწყებული საქმიანი წინადადებების განხორციელებას ეხება. ერთ-ერთი შემოთავაზება მანჰეტენის ცნობილი "აგორა- გალერეიდანაც" არის. ახალგაზრდა მხატვარი, ბათუმელი ლალი დანილუკი ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი შეგრძნებებისთვის, ესკიზებისთვის, ინსპირაციისთვის საათობით დადის - ასე შეიქმნა მისი პროექტი "ანგელოზები და ქალაქი", რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ ქართველი შეფ-მზარეულის თამუ-ლოლას რესტორანში გაიმართა. ამ ანგელოზებს სახე არ აქვთ, მათი მისიაა საინტერესო.

ლალი დანილუკი: ანგელოზი არის ძალიან კეთილი, პლასტელინივით არის, თითქმის ყველგან არის. არის დიდ ქალაქში, სადაც საჭიროა რომ იყოს, კონკრეტულად იმ მომენტში ჩნდება ეს ანგელოზი, ვისაც სჭირდება იმ მომენტში რომ გვერდზე ჰყავდეს. ის აქ არის, შეიძლება ახლა ჩვენთანაც იყოს, უბრალოდ დანახვაა ამის საჭირო.

მისი განსაკუთრებული ხატვის ნიჭი დიდი ხნის წინ ბათუმში, საბავშვო ბაღში პირველად პედაგოგებმა დაინახეს.

ლალი დანილუკი: დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ბაღში მასწავლებლები ურჩევდნენ, რომ ჩემი ნიჭისთვის ყურადღება მიექციათ. მაგრამ მოხდა ასეთი რამ, ბავშობაში რაღაც დავხატე, ცოტა მსხვილი ბავშვი ვიყავი და დამცინეს ბავშვებმა " ლალიმ საკუთარი თავი დახატაო" - ამის მერე შევეშვი. პროტესტი მქონდა. მაგრამ მაინც დედის გავლენაა დიდი, რადგან დედაჩემმა ჩამოაყალიბა ჩემში არტისტი და ხელოვანი.

მას ხელოვნების სფეროში "ფერთა დედოფალსაც" უწოდებენ მის ნახატებში გამოყენებული ფერების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო. საქართველოში მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა რამდენიმე პერსონალური შოუც ქარვასლის და "თი-ბი-სი" ბანკის დარბაზებში. ლალი დანილუკი ამბობს, რომ საქართველოში მხატვრის განვითარება რთულია, რადგან ყველაფერი მაინც ყოფითი პრობლემებისკენ მიდის. მხატვარს შემოსავლის სხვა წყაროც უნდა ჰქონდეს.

ლალი დანილუკი: ამ ეტაპზე ნახატების გაყიდვა მე როგორც მხატვარს გამაფუჭებს, ვიდრე დამხვეწავს, რადგან ბეჭდვას იწყებ. ფულს რომ აკეთებ, უკვე აკეთებ ფულს და აფუჭებ არტს. ჯობია პარალელური შემოსავალი გქონდეს. მე ვფიქრობ, ხელოვნება არ უნდა იყიდებოდეს საერთოდ, ის უნდა იქმნებოდეს კაცობრიობისთვის და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მისი გეგმები ნიუ-იორკში სულ ცოტა 20 წელზეა გათვლილი. ამ გეგმებში შედის კინო-რეჟისურის შესწავლა, გამოფენები, პროექტ "ანგელოზების და ქალაქის" ანიმაციის შექმნა და 20 წლისთავზე მისი ფერადი ტილოების "მომაში" გამოფენა.

" მთავარია იქ იყო, სადაც გიყვარს ყოფნა" - ამბობს ლალი დანილუკი და ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი შეგრძნებების და ინსპირაციის ძიებას განაგრძობს.

კომენტარების ნახვა (4)

XS
SM
MD
LG