ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა შრომის დღეს აღნიშნავს


შეერთებულ შტატებში დღეს უქმეა, ამერიკელები შრომის დღეს აღნიშნავენ. მშრომელების დღე ქვეყნის ეკონომიკაში მათი წვლილის პატივსაცემად დაწესდა და სექტემბრის პირველ ორშაბათს აღინიშნება.

1880-იან წლებში გაჩნდა ძალისხმევა, რომ ეცნოთ ამერიკელი მუშა, რომელიც იმ დროს, სავარაუდოდ, დღეში სულ ცოტა 12 საათს, კვირაში ექვს დღეს, უბადრუკი ხელფასით მუშაობდა. ფაბრიკების რუხი გარემოს ნაწილი ხუთი წლის ბავშვებიც კი იყვნენ. ჯანდაცვის უზრუნველყოფის შესახებ მაშინ არავის სმენოდა.

შტატებმა, ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს კანონი, რომელიც რიგითი მშრომელის პატივსაცემ დღეს აწესებდა. 1884 წლის 28 ივნისს, კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს, „შრომის დღედ“ აწესებდა და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

ბოლო წლებში, ტექნოლოგიის ზრდასა და მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციასთან ერთად, პროფკავშირების წევრთა რიგები შემცირდა. თუმცა, მშრომელთა შეღავათები, რისთვისაც პროფკავშირები ათწლეულების წინ იბრძოდნენ, შეერთებული შტატების უმეტეს სამუშაო ადგილებზე, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამაში შედის: რვასაათიანი სამუშაო დღე, ხუთდღიანი სამუშაო კვირა და დამსაქმებლის მიერ ანაზღაურებული ჯანდაცვის დაზღვევა და შვებულება.

დღეს, პროფკავშირების ბევრი წევრი არა მტვრიან ფაბრიკებში მუშაობს, სადაც მუშათა მოძრაობა დაიწყო, არამედ ადგილობრივი, შტატის და ფედერალური მთავრობისთვის ე.წ. „თეთრ საყელოიან“ სამუშაოს ასრულებს.

დღესასწაულის თავდაპირველი შინაარსის შენარჩუნების მიზნით, ამერიკის ზოგიერთ ქალაქში პროფკავშირების პატივსაცემი აღლუმები ეწყობა და მშრომელების და მათი ოჯახის წევრების გასართობად ზეიმები იმართება.

თუმცა ამერიკელი მშრომელების უმრავლესობა ამ დღეს ისვენებს და დროს საკუთარ ოჯახთან ატარებს. ადამიანები საკუთარ ეზოში სადილს ამზადებენ ან პარკებში და პლაჟზე გადიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG