ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში რეფერენდუმი დასრულდა


ყირგიზეთში რეფერენდუმი დასრულდა და მოსახლეობამ ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობამ კვირას გამართულ რეფერენდუმზე ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეფერენდუმის შედეგებს ეჭვის თვალით უყურებენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლება კი ქვეყანაში სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობას უარყოფითად აფასებს.

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლების 90-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც პარლამენტს დამატებითი ძალაუფლება მიენიჭება.

რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის მოსახლეობას ყირიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერმა როზა ოტუმბაიევამ გააცნო: „რეფერენდუმი შედგა და მოწინააღმდეგეების მიერ შეუპოვარი ბრძოლის მიუხეედავად, ყირგიზეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.“

ქალბატონმა ოტუმბაიევამ რეფერენდუმის ჩატარება მრავალმხრივი მოწოდებების მიუხედავად არ გადადო. როგორც ქვეყანაში ასევე საზღვარგარეთაც, ბევრი შიშობდა, რომ რეფერენდუმი ქვეყნის სამხრეთში არსებულ ერთნიკურ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებდა. მოგეხსენებათ, ივნისის დასაწყისში ყირგიზეთის სამხრეთში დაწყებულ ეთნიკურ ძალადობას დაახლოებით ორი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო დაახლოებით 400 ათასმა უზბეკმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა.

დროებითი მთავრობა იმედს იტოვებს, რომ აპრილში პრეზიდენტი ყუმბარბეკ ბაკიევის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, რეფერენდუმი ახალი მთავრობის ლეგირიმიზაციას შეუწყობს ხელს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროებითმა მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები გააყალბა.

ეუთოს დამკვირვებლების განცხადებით, ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნების ადმინისტრირებას ძირითადად გამჭვირვალე მეთოდებით ახორციელებდნენ. ეუთოს წარმომადგენლის, ჯენს ეშენბაზერის თქმით: „გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელშიც ეს რეფერენდუმი ჩატარდა, ხელისუფლებამ კარგად გაართვა თავი პროცესის ორგანიზებას. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში დროებითმა მთავრობამ ის სირთულეები უნდა გადაჭრას, რომლებიც რეფერენდუმის დროს გამოჩნდა და რომელთა დაძლევაც აუცილებელი იქნება საპარლამენტო არჩევნებამდე.“

ერთ-ერთ დარღვევად ეუთომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი მოიყვანა და წინასწარ დასკვნაში აღნიშნა, რომ რეფერენდუმის დროს არ არსებობდა სათანადო დაცვის მექანიზმები ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის გამოსარიცხად.

ამ ფონზე, კანადაში დიდი ოცეულის სამიტზე ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ყირგიზეთის რეფერენდუმი სკეპტიკურად შეაფასა:

„არ ვარ დარწმუნებული იმაში, თუ როგორ იმუშავებს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ყირგიზეთში. საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ხელისუფლებაში ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების მოსვლას,“ განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში განთავსებულია როგორც ამერიკული, ასევე რუსული სამხედრო ბაზები და ამასთან შუა აზიის ეს ქვეყანა ნარკოტიკების გადაზიდვის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG