გავრცელებული ცნობების თანახმად ყირგიზეთის ახალი მთავრობა ამერიკულ სამხედრო ბაზას არ დახურავს
კვირას ყირგიზეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა ხუთი გამარჯვებული პოლიტიკური პარტია, რომლებიც ამჟამად კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებენ. საარჩევნო კამპანიის დროს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ახალმა მთავრობამ ყირგიზეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო ბაზა უნდა დახუროს.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ბიშკეკიდან იუწყება, რომ წელს ავღანეთში საომრად გაგზავნილი ნატოს ჯარისკაცების უმრავლესობა და იქ დისლოცირებული საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი საწვავის თითქმის ერთი მესამედი ავღანეთში მანასის სატრანზიტო ცენტრის გავლით ჩავიდა. გასულ თვეს ყირგიზ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ბაზის დახურვას ითხოვდა. საბაბად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ ბაზის ფუნქციონირება რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს და მას შეიძლება თალიბი მეამბოხეების მხარდამჭერთა მხრიდან თავდასხმები მოჰყვეს.
მაგრამ არჩევნები დასრულდა და ყირგიზი და რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სატრნაზიტო ცენტრი ყირგიზეთში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ფუნქციონირებას გააგრძელებს.
ანდრეი გროზინი მოსკოვში მდებარე შუა აზიის საკითხების ექსპერტია. მას მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობა სულ უფრო რწმუნდება იმაში, რომ შეერთებული შტატების საომარი მოქმედებები ავღანეთში მოსკოვისთვის ხელსაყრელია.
გროზინი აღნიშნავს, რომ კრემლის ბევრ ოფიციალურ პირს ახლა სჯერა, რომ ამერიკელები რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან რადგან ისინი ისტორიულად რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ შუა აზიის რეგიონს თალიბი მეამბოხეებისა და ისლამური ფუნდამენტალისტებისგან იცავენ. რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ავღანეთში ასობით რეისი მიემგზავება. ხოლო რუსეთის ტერიტორიის გავლით კი ათასობით სატვირთო ვაგონი, რომელსაც ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ძალებისთვის სხვადასხვა ტვირთი ჩააქვს.
რუსეთის მინიშნებების შესაბამისად წამყვანი ყირგიზი პოლიტიკოსების უმრავლესობა ახლა ბაზის დახურვის შესახებ აღარ საუბრობს. ომურბეკ ბაბანოვი პოლიტიკური პარტია „რესპუბლიკის“ ლიდერია. გავრცელებული ცნობების თანახმად, ხსენებული პოლიტიკური პარტია მმართველ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ბაბანოვი აღნიშნავს, რომ მას ამერიკული ბაზის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა სურს. მისი თქმით, ეს საკითხი მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს.
ამერიკის ხმის კორესპონდენტთან ლაპარაკის შემდეგ, ბაბანოვი სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სუზან ელიოტს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სუზან ელიოტი ბიშკეკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მანასის ბაზის შესახებ ელიოტმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„ჩვენ ყველა მხარეს ვხვდებით, ვისაც მთავრობის ფორმირება დაეკისრება. ჩვენ ყველა შეხვედრა არ დაგვისრულებია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სატრანზიტო ცენტრის ფუქციონირებასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებას უთუოდ მივაღწევთ.“
ხოლო ვაშინგტონში ელიოტის უფროსმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა:
„ჩვენ ამ საკითხზე დისკუსიას მივესალმებით რადგან ჩვენ მანასის სატრანზიტო ცენტრს აღვიქვამთ როგორც იმ ფართო ამოცანის ნაწილს, რომელიც ავღანეთის სტაბილიზაციას ითვალისწინებს რათა ავღანეთსა და პაკისტანში მოთარეშე მეამბოხეები მეზობელ სახელმწიფოებს არ დაემუქრონ, მათ შორის ყირგიზეთს, ან შეერთებულ შტატებს.“
გასულ წელს ყირგიზეთის პარლამენტმა ბაზის დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ყოველწლიური იჯარის გაოთხმაგებით შეერთებულმა შტატებმა ბაზა მაინც შეინარჩუნა. როგორც მოსალოდნელია მანასის ბაზასთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებები მომავალი წლის გაზაფხულზე განახლდება.
თუ პაკისტანმა სახელმწიფო საზღვრის დახურვას მოუხშირა, ხოლო თალიბმა მეამბოხეებმა ავღანეთში მიმავალ სატვირთო მანქანებზე თავდასხმები გაზარდეს, მაშინ ყირგიზი ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვან ბერკეტს მოიპოვებენ. სამხრეთით გამავალი მარშრუტების ქაოსური მდგომარეობის გამო ყირგიზების ხელში ავღანეთში მიმავალი ჩრდილოეთის მარშრუტის საკვანძო ნაწილი აღმოჩნდება.