ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის პასუხი საქართველოს უვიზო რეჟიმზე


კრემლის პასუხი საქართველოს უვიზო რეჟიმზე

პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსი მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის თაობაზე კრემლმა “პროპაგანდისტური ნაბიჯი“ უწოდა.

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროული და მართებულია. თუმცა, ექსპერტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს.

ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი თვლის, რომ სააკაშვილმა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

“სააკაშვილის ინიციატივას კრემლმა ისტერიკით უპასუხა. თუ მოსკოვი თბილისს მიბაძავს და საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შემოუშვებს რუსეთში, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსაზღვრე რეგიონის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უვიზო რეჟიმით.

თბილისის გადაწყვეტილებამ კრემლი სერიოზულად დაძაბა. პუტინს ეგონა საქართველოს ბლოკადაში მოამწყვდევდა და სააკაშვილს დააჩოქებდა. რგორც ვხედავთ, მიშამ ყველაფერი გაკეთა კრემლის მარწუხებისგან ქვეყანა გადაერჩინა. ვფიქრობ, თბილისის გადაწყვეტილება სწორი და დროულია. ქართული მხარე ძალიან გონივრულად იქცევა. აუცილებელია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებთან ჯანსაღი ურთიერთობის დარეგულირება. მე მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილის ბრწყინვალე გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, დაღესტანის, ჩეჩნეთის და სხვა დანარჩენი რესპუბლიკების მაცხოვრებლებიც მხარს დაუჭერენ“

პოლიტოლოგ ილია იაშინს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით საკაშვილი კრემლს უფრო გააღიზიანებს

“მე ძალიან მაღელვებს ახალი კონფრონტაცია რუსეთსა და საქართველოს შორის. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარეა დამნაშავე. ჩვენ მოძმე ერები ვართ, გვაერთიანებს არა მარტო კულტურული, არამედ პოლიტიკური წარსულიც. დღეს ცივი ომის პირობებში გვიწევს თანაცხოვრება, ეს რა თქმა უნდა სამარცხვინოა რუსეთისთვის. მე არ მჯერა, რომ კრემლი და თბილისი შეძლებენ კონსენსუსის მოძებნას. ეს ზღაპარია. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა სიტუაციის დასარეგულირელად საზოგადოებამ უნდა იკისროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოიქცევიან დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. მათ უნდა გამონახონ ურთიერთგადაკვეთის წერტილები. მიმაჩნია, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის უნდა გაეხსნა, არამედ რუსებისთვისაც. ეს იქნებოდა მისი კეთილი ნების გამოვლენა. მჯერა, მოვა დრო, როცა ქართველები შეძლებენ რუსეთში უვიზოდ ჩამოსვლას, მაგრამ არა სააკაშვილის და პუტინის მმართველობაში“

“ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველი იური სიმონიანი თვლის, რომ თბილისმა მოსკოვის დაუკითხავად ცალმხრივი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს

“საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება სააკაშვილს მოსკოვთან მოლაპარაკების გარეშე მარტო არ უნდა მიეღო. თბილისის ინიციატივას კრემლი სეპარატისტების მხარდაჭერად ჩათვლის, ეს კი საქართველოს საერთოდ არ უნდა აწყობდეს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილმა ჩვენი ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა ჩააყენოს ხოლმე საქმის კურსში. ვფიქრობ, კრემლი არ მიესალმება თბილისის გადაწყვეტილებას“

რუსულ პოლიტიკურ სამყაროში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ანალიტიკოსები მოსკოვის თანმხვედრ ნაბიჯს ელიან. მათი აზრით, კრემლი არ გადაყლაპავს თბილისი თვითნებურ ინიციატივას.

XS
SM
MD
LG