რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს ირანისთვის ს-300 ტიპის თავდაცვითი სისტემების მიყიდვას. კრემლმა თეირანთან თანამშრომლობა გადაიფიქრა. მოსკოვი ასევე უარს ამბობს ირანისთვის ტანკების, თვითმფრინავებისა და საზღვაო ხომალდების მიწოდებაზე.
პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი მუხინი თვლის, რომ მედვედევის გადაწყვეტილებამ რუსეთს შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას. მუხინის აზრით ეს ნაადრევი გადაწყვეტილებაა.
“რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები ხდება. დღემდე კრემლის ვექტორი აღმოსავლეთისკენ იყო გადახრილი. ინდოეთი, ჩინეთი, ირანი მოსკოვის მთავარი პარტნიორები იყვნენ. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ ვაშინგტონთან თანამშრომლობა სურს, ირანთან ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. მოსკოვი ცდილობს შეარბილოს ანტიამერიკული რიტორიკა.
დიმიტრი მედვედევმა და პრემიერმა პუტინმა გადაწყვიტეს, რომ ირანთან მითიურ ურთიერთობებს ამერიკასთან მჭიდრო და პარტნიორული თანამშრომლობა ურჩევნიათ. რამდენად სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდება, მომავალი გვიჩვენებს.
ნუ დავივიწყებთ თურქეთის ფაქტორს. რუსეთს სტამბული ჩაენაცვლება, ის კი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. ვფიქრობ კრემლი პოლიტიკურად დამარცხდა“
ალექსანდრე ხრამჩიხინი ცნობილი სამხედრო ექსპერტია. ის დადებითად აფასებს მედვედევის გადაწყვეტილებას
“ს-300 სისტემების მიყიდვით, რუსეთი თავს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებდა მსოფლიო საზოგადოების წინაშე. დღეს მთელი მსოფლიო შეშფოთებულია ირანის პრეზიდენტის ქმედებებით. რუსეთმა როგორც იქნა შეასრულა გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები. ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება კრემლის და თეირანის ურთიერთობებს, ვფიქრობ სიტუაცია დაიძაბება. ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელისუფლება უკვე გააკრიტიკა“
პოლიტოლოგი კონსტანტინე ბარავოი აღნიშნავს, რომ ირანისთვის ს-300 სისტემების მიყიდვით რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობაში პოლიტიკურ წონას საბოლოოდ დაკარგავდა.
“იცით, მედვედევის გადაწყვეტილება დროული და ძალიან პოზიტიურია. პრეზიდენტი მიხვდა, რომ ირანთან თანამშრომლობას ამერიკასთან ურჩევნია ურთიერთობის დაბალანსება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დიმიტრი მედვედევს იოლად არ მიუღია, ეს არის ვაშინგტონთან თანამშრომლობის პროცესის უშუალო შედეგი. გასაგებია, რომ კრემლი არ შეწყვეტს ირანთან თანამშრომლობას. მედვედევის გადაწყვეტილებას რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ირანი მიუხედავად მკაცრი სანქციებისა, განაგრძობს ბირთვული პროგრამის განვითარებას. ეს შემაშფოთებელია “
ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა თეირანისთვის ს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმაზე უარის თქმის გამო. თეირანი თვლის, რომ მოსკოვი ვაშინგტონის ზეწოლას დანებდა. რუსეთის საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ მედვედევის ბრძანებულება არ ნიშნავს ირანთან თანამშრომლობის შეწყვეტას.