ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაკვეთილები კოჰაბიტაციისთვის


რა არჩევანის და შესაძლებლობების წინაშე აყენებს არსებული ვითარება ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:00 0:00
ბმული

ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში მტკივნეულად მიმდინარეობს. ორივე მხარე დეკლარირებულად, გამოთქვამს მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობისთვის, თუმცა ამავდროულად, ორივე მხარეს ამისთვის საკუთარი პირობები აქვს.

არსებული რეგულაციების თანახმად, ამჟამად პრეზიდენტის ხელშია მძლავრი ბერკეტი, მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობით, რაც ოქტომბრის არჩევნების შედეგად უმრავლესობაში მოსული ხელისუფლებისთვის მკვეთრად არასასურველია.

რამდენად შეიძლება გარისკოს პრეზიდენტმა ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ან რამდენად პოლიტიკური სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ნაბიჯი მისთვის? მიუხედავად ყველაფრისა, თვალშისაცემი, უპირველეს ყოვლისა, ნდობის ფაქტორია. ივანიშვილის ხელისუფლება არ ენდობა პრეზიდენტს და მისგან კონკრეტულ გარანტიებს მოითხოვს, თუნდაც მისი გუნდის თანხმობას დროებითი კონსტიტუციის ცვლილებებზე.

რა არჩევანის და შესაძლებლობების წინაშე აყენებს არსებული ვითარება ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:

„არჩევანი არ არის სხვადასხვა ალტერნატივებს შორის დიდი. ეს გამოჩნდა, როგორც პრეზიდენტის 8 თებერვლის გამოსვლაში, ასევე ივანიშვილის რეაქციაში ამ გამოსვლაზე. არჩევანი არის თანაცხოვრება, მარტივად, ანუ ის, რასაც კოჰაბიტაციას ვუწოდებთ. მხარეები ამისთვის არ არიან სათანადოდ მზად, ეს სრულიად აშკარაა, მაგრამ მოვლენებმა, რაც საჯარო ბიბილიოთეკლასთან მოხდა, ცალსახად აჩვენა, რომ ამ გზით სიარული, კონფრონტაციის, დაპირისპირების, მათ შორის, ძალადობრივი დაპირისპირებით გზით, არ არის გამოსავალი. ანუ, კოჰაბიტაცია რთულია, მაგრამ არაკოჰაბიტაცია, დაპირისპირება, არის კიდევ უფრო უარესი. ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ ჩანს. ფაქტია, რომ ქართული ოცნების ალტერნატიულ ძალას მაინც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს. მართალია მას ლეგიტაცია დიდი არ აქვს და პირიქით, ის შეუდარებლად დაბალია ქართული ოცნებსთან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ალტერნატივას ხელისუფლების, ძალაუფლების ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები უჭირას. მათ შორის არსებობს პრეზიდენტი, მნიშვნელოვანი ადგილები პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში“.

იაგო კაჭკაჭიშვილი დასძენს იმასაც, რომ შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის კონფრონტაციის გაღრმავების ინტერესი აქვთ, თუმცა ეს არ დომინანტ ძალას.

„რასაკვირველია ასეთი ძალები არსებობენ, შესაძლებელია ასეთი ძალები არსებობდნენ ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც, მათ შორის კოალიცია ქართულ ოცნებაში, ნუ დამასახელებინებთ ახლა ამ გვარებს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მეინსტრიმულ, ასე ვთქვათ დომინანტურ, ძირითად ძალას.“– ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

საქართველოს სტატეგიული კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„როგორც ვხედავთ, კოჰაბიტაცია რთულად მიდის. მხარეები, პრაქტიკულად, არ თანამშრომლობენ კანონების მიღებაზე. ადგილი აქვს ძალიან მწვავე დებატებს პარლამენტში, ხშირ შემთხვევაში ისეთ დებატებს, რომლებიც გადადის ურთეიერთპრეტენზიებში. მე მგონია, რომ კოჰაბიტაციის წინაპირობები ძალიან რთულია, მაგრამ საგარეო გავლენის გათვალისწინებით, მათ შორის საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გათვალისწინებით, ეს პროცესი მაინც, ალბათ, შედგება. ყოველ შემთხვევაში სააკაშვილმა თავის გამოსვლაში გამოთქვა მზადყოფნა კომპრომისული ნაბიჯისკენ. ასევე ალბათ აუცილებელი იქნება ქართული ოცნების მხრიდანაც ძიება კომპრომისული ნაბიჯებისა და არა აპელირება მხოლოდ საკუთარ მაღალ ლეგიტიმურობაზე და ხალხის მხარდაჭერაზე ყველა გადაწყვეიტლებასთან მიმართებაში.“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დღეს გაავრცელეს განცხადება, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და სადაც დაფიქსირდა მათი შეშფოთება ძალაუფლების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებულ შეუთანხმებლობაზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მათ მხარეებს მოუწოდეს თანამშრომლობისკენ ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG