ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიეტნამის ომის ორი ვეტერანი ამერიკის მთავრობაში


ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცდა, ჩაკ ჰაგელის კანდიდატურის კი განიხილავენ

პირველად ამერიკის ისტორიაში ვიეტნამის ომის ორი ვეტერანი მთავრობაში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ. შეერთებული შტატების კონგრესმა სენატორი ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ხუთშაბათს კი თავდაცვის მდივნის პოსტზე ყოფილი სენატორის ჩაკ ჰაგელის კანდიდატურის განხილვა დაიწყება.
ამერიკის ხმა ამ საკითხის გარკვევას ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალის სიახლოვეს შეკრებილ ადამიანებთან შეეცადა. ლარი ვორი ომში დაღუპულთა სიას ათვალიარებს. მისი თქმით:“ ამ კედელზე ჩემი ორი მეგობრის გვარია ამოტვიფრული.“
ვიეტნამის ომში დაღუპულთა მემორიალზე ათასობით ამერიკელის გვარია. თავად ვორი ვიეტნამში ერთი წლის განმავლობაში საჰაერო ძალების სერჟანტად მსახურობდა, შემდეგ კი ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს.
იმავე პერიოდში ჩაკ ჰაგელი ვიეტნამში ქვედანაყოფის მეთაური იყო. ჯონ კერი კი სამხედრო-საზღვაო ძალების ლეიტენანტი გახლდათ, რომელიც შემდეგ ომის მოწინააღმდეგედ გადაიქცა.
ვეტერანების უმრავლესობა ვიენტამის ომს დიდ გაუგებრობად მიიჩნევს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. ლარი ვორის აზრით, ვიეტნამის გამოცდილება კერის და ჰაგელის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზეც იმოქმედებს.
მისი თქმით:“ ეს უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ომი გაჩვენებს, თუ რა ძვირად შეიძლება დაგიჯდეს ერთი შეცდომაც კი.“
როგორც დევიდ კრაპშონი იხსენებს:“ მე ჩრდილოეთ კაროლინაში სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მამა ვიეტნამში იყო.“ ახლა დევიდი ოჯახთან ერთად არლინგტონის სასაფლაოზე მამის საფლავს ეწვია. ისიც ომის ვეტერანია, რომელიც კერის და ჰაგელის კანდიდატურებს დადებითად აფასებს:“ მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი უფრო ფრთხილად მოიქცევიან და სახელმწიფოს ომში არ ჩაითრევენ. დღეიდან ქორებს უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდებათ.“
როგორც ამბობენ კერი და ჰაგელი პრეზიდენტ ობამას შეხედულებებს იზიარებენ სამხედრო დოქტრინასთან დაკავშირებით, რაც კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას ამცირებს.
როგორც მემკვიდრეობის ფონდის სამხედრო ექსპერტი ჯეიმს კარაფანო ამბობს:“ მე მაფიქრებს ის ამბავი, როდესაც ყველა ერთნაირად იწყებს აზროვნებას და გაგონებაც არ უნდათ მათგან განსხვავებული პოზიციის შესახებ.“
ენტონი კორდისმენი თავდაცვის რამდენიმე მინისტრის სამდივნოში მუშაობდა. მისი თქმით, კერის და ჰაგელის შეხედულებები ერაყის, ავღანეთის და ბალკანეთის ომების გამოცდილებითაც არის გამყარებული.
მისი თქმით:“ აქ დიდი ფილოსოფოსობა არ არის საჭირო. ყველაფერი ცივი გონებით გაკეთებულ სამხედრო გათვლებზეა დამყარებული. პრეზიდენტიც და აღნიშნული სენატორებიც სწორედ ამითი ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილებების მიღების დროს.“
სენატორი კერი ერთხმად აირჩიეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, რაც შეეხება ჩაკ ჰაგელს, მას მძაფრი კითხვების მოსმენა მოუწევს სენატში.
XS
SM
MD
LG