ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონური ქალაქები ახალ ცხოვრებას ეგუებიან


იაპონური ქალაქები ახალ ცხოვრებას ეგუებიან

ფუკუშიმას რადიოს ყოველდღიური განრიგი 11 მარტის კატასტროფამ მთლიანად შეცვალა. ამინდის ჩვეული პროგნოზის შემდეგ წამყვანი მიმდებარე დასახლებებში რადიაციის დონის შესახებ დღეში რამოდენიმეჯერ ატყობინებს მსმენელს. შემდეგ ნაწყვეტს დაკვირვებით თუ მოუსმენთ, ქალაქ ლიტატეს სახელსაც გაიგებთ:

ლიტატე ფუკუშიმადან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქი რისკის ზონდან 20 კილომეტრის მანძილზეა, იქ რადიაციის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე ფუკუშიმასთან შედარებით ახლოს მყოფ დასახლებებში.

სოფლის შესასვლელში ლამაზ აბრას მოკრავთ თვალს, რომელიც ამაყად ატყობინებს სტუმარს, რომ ლიტატე იაპონიის 40 ულამაზეს ადგილს შორისაა. მთების თვალუწვდენელ სივრცეებს შორის გადაჭიმული უმშვენიერესი ტყეებით და ველებით მორთული პეიზაჟი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. შენობებთან ცოტა ახლოს თუ მიხვალთ, უცნაური გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან მხოლოდ ახლა შეატყობთ, რომ სოფელი ცარიელია. არსად, არცერთ ქუჩაზე ადამიანის ჭაჭანება არ არის. კანტი-კუნტად მხოლოდ სამხედრო ან სამაშველო მანქანებს თუ მოკრავთ თვალს. ისიც, მარტო გზაჯვარედინებზე. მანქანის ფანჯრებიდანაც ჩანს, რომ ყველა მძღოლს სახეზე თეთრი ნიღაბი უკეთია.

თაკაში კობიაში, ლიტატეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამბობს, რომ მთავრობამ მათ არანაირი რეკომენდაცია არ მისცა.

სოფლის ცხოვრებას მთლიანად ფერმერების მუშაობა განსაზღვრავს. გასულ კვირას მიწაში რადიაციის დონემ საევაკუაციო ლიმიტს გადაააჭარბა, მაგრამ ამ კვირას ის ისევ დავარდა. ამიტომ მოსახლეობა დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცს, აბობს ბატონი კობიაში. აქამდე არაფერი გამეგებოდა მილიზივერტებზე და ბიკვერელებზე, რადიაციის საზომი ერთეულების შესახებ. ახლა კი მათ ინტენსიურად ვაკონტროლებთ. ამ ოთხშაბათს ორსულ ქალებს და ბავშვებს სოფლის დატოვება ვურჩიეთ და გავარიდეთ აქაურობას, თქვა მან.

მინამისომა პატარა ქალაქია, რომელიც ფუკუშიმას 20-კილომეტრიანი ზონის შუაგულში მდებარეობს. ის ბევრად უფრო ახლოა დაზიანებულ ბირთვულ ელექტროსადგურთან, ვიდრე ლიტატე, მაგრამ რადიაციის დონე აქ 10-ჯერ უფრო ნაკლებია. მინამისომას ქუჩებში რამდენიმე ადამიანს დაინახავთ, თუმცა ისინი დიდი ხნით გარეთ არ ჩერდებიან. პრეფექტურამ ქალაქის 71-ათასიან მოსახლეობას შენობებში მაქსიმალურად ჩაკეტვა ურჩია. ორი კვირის წინ ქალაქს საკვების და საწვავის მარაგი გამოელია. ქალაქის მერის თანაშემწემ, სადაუსუ აბემ გვითხრა, რომ მაშინ მერიამ პოპულარული ვებ-გვერდის, „იუთუბის“ მეშვეობით განგაში გამოაცხადა და ქალაქს მალე აღუდგინა საკმარისი მარაგი.

მინამისომაში რამდენიმე მაღაზია გაიხსნა და ბენზინგასამართი სადგურიც ამუშავდა. ბევრი ბრუნდება ქალაქში. მათ თავშესაფარში ცხოვრებას შინ ყოფნა არჩიეს. ჩვენ სურსათის მარაგს სახლში ვაწვდით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გადაადგილების საშუალება არ აქვს, ამბობს მერის თანაშემწე.

ფუკუშიმას ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ამჟამად 70 ათასზე მეტი მოსახლეა ევაკუირებული. იაპონიის მთავრობა შიშობს, რომ რადიოაქტიური ნივთიერებებით დასხივების საშიშროებამ შესაძლოა რამდენიმე თვე გასტანოს. ჯერჯერობით ამ პატარა დასახლებების ბედიც საკმაოდ გაურკვეველია.

XS
SM
MD
LG