ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევაკუაცია და მისი სირთულეები


ევაკუაცია და მისი სირთულეები

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა ერს სატელევიზიო გამოსვლით მიმართა, რომელშიც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურთან ახლომდებარე რეგიონებიდან ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურთან ახლოს განლაგებული დასახლებებიდან იაპონიის მთავრობამ დაახლოებით 70,000 პირის ევაკუირება მოახერხა. მაგალითად ქალაქ ფუტაბას მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტოკიოს მახლობლად მდებარე სტადიონზე გადაასახლეს. ახლა ისინი თანდათან სხვა დროებით თავშესაფრებში საცხოვრებლად გადადიან. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი ქალაქ ფუტაბას ყოფილ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.

მთელი ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია ადვილი როდია.

ქალაქ ფუტაბას მოსახლეობა 1,200 მაცხოვრებელისგან შედგება. ქალაქი დაზიანებულ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. უკვე ორი კვირაა რაც ფუტაბას მოსახლეობა საიტამას სტადიონზე ბინადრობს.

სტადიონზე ცხოვრება ძნელია და ფუტაბას ევაკუირებულ მოსახლეობას მომავალი ადარდებს.

„ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა ყველა ყველანაირად გვეხმარება. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. სახლებში როცა დავბრუნდებით არ ვიცი...იმედია ძალიან მალე. სულ სახლში დაბრუნებაზე ვფიქრობ,“ აღნიშნავს ფუტაბას ყოფილი მკვიდრი ტეიჯი იდოგავა.

არავინ იცის თუ როდის დაბრუნდება ფუტაბას მოსახლეობა საკუთარ სახლებში.

აღსანიშნავია, რომ რადიაციის მაღალი დონე ატომური ელექტროსადგურიდან 20-კილომეტრიანი საევაკუაციო ზონის მიღმაც დაფიქსირდა. რადიოაქტიური გაჟონვის სრული გავლენა ადგილობრივ გარემოზე დღემდე დაწვრილებით შეფასებული არ არის. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ფუკუშიმას ელექტროსადგურთან ახლომდებარე რაიონებში ცხოვრება თვეების ან შეიძლება წლების მანძილზე შეუძლებელი იყოს.

საიტამას სტადიონს ათასობით იაპონელი მოხალისე მოაწყდა. ხალხი ევაკუირებულ პირებს შეგროვებული სასურსათო შემოწირულობებითა და საბნებით ეხმარება. საგაზაფხულო არდადეგების ფონზე ახალგაზრდა იაპონელები ევაკუირებულ პირებს აქტიურ დახმარებას უწევენ.

საესტრადო არტისტები ბავშვებსა და მოზარდებს ართობენ. იოშიგე ტადაში აქ სამი დღის წინ მოვიდა და ევაკუირებული პირებისთვის ბანჯოზე კონცერტებს სთავაზობს.

„ძალიან მეცოდებიან ისინი. მათი გამხნევება მსურს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გაიღიმონ,“ აღნიშნავს იოშიგე ტადაში.

მაგრამ ევაკუირებული პირების მძიმე განსაცდელი გრძელდება. სტადიონის ადმინისტრაციას სურს, რომ იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა სტადიონის ტერიტორია დატოვონ. ისინი კონცერტებისთვისა და სხვა ღონისძიებებისთვის ემზადებიან.

ამდენად ევკუირებული პირები ახლა სხვა თავშესაფარში გადაჰყავთ. ნაწილი მიტოვებული სკოლის შენობაში გადაიყვანეს. მაგრამ ქალაქ ფუტაბას ყოფილ მცხოვრებლთათვის ეს უკვე რიგით მესამე დროებითი თავშესაფარი გახლავთ.

12 წლის აია ნაკაის ახალ თავშესაფარში გადასვლა არ სურს.

„ძალიან ვწუხვარ. საიტამას სტადიონზე ყოფნისას ახალი მეგობრები გავიჩინე ახლა კი კიდევ ერთხელ წასვლა მიწევს. ძალიან მინდა სახლში დავბრუნდე,“ დარდობს პატარა აია.

აია და მისი ოჯახი ავტობუსში სხდებიან, რომელიც მათ და ათასობით სხვა ევაკუირებულ პირს ახალ თავშესაფარში გადაიყვანს.

მოხალისეებმა ევაკუირებულ პირებს გულთბილი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოუწყვეს. მათ პლაკატებზე უბრალო გზავნილები ჩანს - „ჩვენ გვიყვარს ფუკუშიმა,“ და „ჩვენო მეგობრებო ფუტაბადან, თავს გაუფრთხილდით.“

ყველა მონაწილესთვის ეს ემოციური დამშვიდობებაა. ფუტაბას მცხოვრებლნი მათთვის უცნობ რეგიონში გადადიან. მათ გაურკვეველი მომავალი ელით.

XS
SM
MD
LG