ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა იტალიის და საბერძნეთის ბაზრებზე


მდგომარეობა იტალიის და საბერძნეთის ბაზრებზე

ურთულესი კვირის შემდეგ მსოფლიო ბაზრები შედარებით დარეგულირდა. საბერძნეთის და იტალიის მოვლენების გამო მთელი კვირის მანძილზე ბირჟებზე მკვეთრი ცვლილებები რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა. ფინანსურმა კრიზისმა საბერძნეთში და იტალიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების პროვოცირება გამოიწვია. ექსპერტების აზრით სახელმწიფოთა ლიდერების შეცვლა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ევროზონის ბევრ ქვეყანაში კრიზისის შესაჩერებლად დრამატული ფისკალური რეფორმები უნდა განხორციელდეს.

სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევს, მსოფლიო ბაზრებზე მატება აღინიშნა. იტალიაში სესხის საპროცენტო განაკვეთი 6 პროცენტზე დაბლა ჩამოვარდა, საწვავის ფასმა კი ბარელზე 98 დოლარს გადაჭარბა.

ბაზრების რეაქცია დადებითი იყო. ფასებმა გუშინაც მაღლა აიწია და დღეს დილითაც ბირჟების გახსნა პოზიტიურად დაიწყო“ - აღნიშნავს იტალიელი ანალიტიკოსი ჯანმარია ბერგანტინო. მისი თქმით პოზიტიური ცვლილებები მსოფლიო ბაზრებზე მხოლოდ მას შემდეგ აღინიშნა, რაც იტალიის სენატმა ფინანსური რეფორმის გასატარებლად ახალი მკაცრი ზომები დაამტკიცა.

ზომები მოიცავდა მთავრობის 20 -მილიარდიანი საკუთრების გაყიდვას და 2026 წლიდან საპენსიო ასაკის 65-დან 67 წლამდე გაზრდას. მეზობელ ქვეყანაში, საბერძნეთში, განხორციელებული ცვლილებების შედეგად ხელისუფლებაში გარდამავალი მთავრობა მოვიდა, აღნიშნავს ანალიტიკოსი ბერგანტინო. ახალი პრემიერ-მინისტრი ყოფილი ბანკირია. ლუკას პაპანდემოსი ორად გაყოფილ მთავრობას იბარებს და პირველ რიგში მის გაერთიანებას შეეცდება. ანალოგიური სიტუაციის მოწმენი ვართ იტალიაშიც, ევროზონის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ამბობს ანალიტიკოსი. მარიო მონტი, რომელიც სილვიო ბერლუსკონის შემცვლელად მოიაზრება, პროფესიით ეკონომისტია.

„მარიო მონტი იტალიისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. მას სტაბილურობის დასამყარებლად რეგულაციების შემოღება მოუწევს და შემდეგ ქვეყანაში ის რეფორმები უნდა დანერგოს, რომელიც მათ ევროპული ქვეყნების რჩევით მიიღეს“ - აღნიშნავს ბატონი ბერგანტინო.

საერთაშორისო ბაზრების ანალიტიკოსი, თანოს დოკოსი, ამბობს, რომ საბერძნეთის ახალ პრემიერს ჯერჯერობით მაღალი რეიტინგი და ყოველგვარი ხელშეწყობა აქვს, მაგრამ არავინ იცის, სადამდე გასტანს ეს მდგომარეობა:

მიმაჩნია, რომ ის დასაწყისში ამგვარ ხანმოკლე პოლიტიკურ თაფლობისთვეს საქმის სათანადოდ გასაკეთებლად გამოიყენებს. და, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როდესაც ის დრო დადგება, როცა მისგან უკვე განსაზღვრულ შედეგებს მოითხოვენ“ - ამბობს ბატონი დოკოსი.

ღრმა რეცესიის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში საბერძნეთს რამდენიმე არაპოპულარული რეფორმის გატარება მოუწევს, სანამ ის ევროკავშირისგან ფინანსური სტიმულირების პაკეტის შემდეგ ტრანშს, 11 მილიარდ დოლარს, მიიღებს.

იტალია საგარეო ვალის შემცირების ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფება. ის ყოველგვარად ცდილობს არ გახდეს ევროზონის მეოთხე ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება დასჭირდება. ეს არც თუ ისე ადვილი განსახორციელებელია. იტალიას საბერძნეთთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტი საგარეო ვალი აქვს და ის სავარაუდოდ 2.6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG