ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი სირიას მიმართავს


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მათ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატარონ და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მასში მონაწილეობის საშუალება მისცენ. განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა სირიაში თავისუფალი არჩევნების გამართვაზე ბატონი სალეჰის განცხადებას ერთგვარი ირონია ახლავს თან, რადგან ეს სიტყვები იმ ქვეყნის წარმომადგენელს ეკუთვნის, რომელიც ასადის რეჟიმს ყველანაირი საშუალებით ეხმარება სირიელი ხალხის წინაღმდეგ ბრძოლაში.

გარდა ამისა ირანის მმართველი რეჟიმი საკუთარ ხალხს არ აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ირანში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანხმობის გარეშე შეუძლებელია არჩევნებში კანდიდატურის დაყენება. ამ ქვეყნის კანონმდებლობით იკრძალება საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში.

2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მილიონობით ირანელი გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ არჩევნების გაყალბების გამო. საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეებს ხელკეტების და ტყვიების საშუალებით გაუსწორდნენ. ათობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დემონსტრანტი ციხეებში გამოამწყვდიეს, სადაც მათ სისტემატიურად აწამებდნენ.

არჩევნების შემდეგ ირანის მმართველი რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციონერ სტუდენტებს, ადამიანის უფლებათა დამცავებს, ჟურნალისტებს და პროფკავშირული მოძრაობის აქტივისტებს.

არჩევნებში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეებს მეჰდი კაროუბის და მირ ჰუსეინ მუსავის შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რომლებსაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან ურთიერთობა.

ახლა ირანის რეჟიმი მარტში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, როდესაც თავისუფალ ჟურნალისტებს ხმის ამოღების საშუალება არა აქვთ. 2012 წლის დასაწყისში ირანში 10 ჟურნალისტი და ბლოგერი დააპატიმრეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით ვაშინგტონი შეშფოთებულია ირანის რეჟიმის პოლიტიკით, რომელიც მოახლოებული არჩევნების წინ სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობს.

ქალბატონი ნულანდის განცხადებით სერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ირანის ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის დანერგვას. ირანის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს მოთხოვნები.

თავისუფალი არჩევნები სირიაში კარგია, მაგრამ ირანელი ხალხიც იმავეს იმსახურებს. ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG