ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელს უმასპინძლა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
ბმული

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოშიარ ზებარის ვიზიტი ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებს და ერაყს შორის ჯერ კიდევ 2008 წელს დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კონტრტერორიზმში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებდა. ბაღდადში ის დილა, როდესაც ჯონ კერიმ ერაყელ კოლეგას სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა, ჩვეულებისამებრ სისხლიანი იყო და აფეთქებებით დაიწყო. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერაყში უსაფრთხოების გამოწვევებს ერთიანი ძალებით დაუპირისპირდებიან.

ორივე მხრიდან, სუნიტ და შიიტ ექსტრემისტებს შესწევთ უნარი ხელი შეუწყონ რეგიონის რელიგიური ნიშნით დანაწევრებას და საფრთხის ქვეშ დააყენონ ქვეყნის სტაბილურობა. ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ როგორ ახორციელებს ალ-ყაიდა თავდასხმათა მთელ სერიას უდანაშაულო ერაყელებზე. მათ თავიც კი მოსწონთ იმ სამწუხარო აფეთქებების გამო, რომელიც გასულ უქმეებზე განახორციელეს“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი ბოლო კვირაში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ერაყში ტერორიზმთან პრინციპული ბრძოლაა გამოცხადებული და ხელისუფლება უკანდახევას არ აპირებს. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სულ ცოტა 800 ეჭვმიტანილია დაკავებული. ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების პარალელურად, იზრდება შიში, რომ ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაც გაღრმავდება, აღნიშნავს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ერაყი წარსულისკენ არ მიექანება. ის არ ჩაიძირება სამოქალაქო, ან რელიგიურ ბრძოლებში. ერაყის ხელისუფლება გარკვევით რჩება ამ პრინციპის ერთგული. ჩვენ ეს 2007-2008 წლებში გამოვიარეთ. იქ აღარასოდეს დავბრუნდებით“ - აცხადებს ჰოშიარ ზებარი.

თუმცა, გასულ წელს ერაყში სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის დაპირისპირებას 3 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. თანაც, მის საზღვართან, სირიაში სამოქალაქო ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება. მასში ერაყელი ექსტრემისტებიც აქტიურად მონაწილეობენ.

ვიცით, რომ ამას ალ-ყაიდას ქსელი ჩადის, რომელიც ერაყის საზღვრებს ცდება. დღეს ალ-ყაიდას ბევრი ლიდერი სირიაში მოქმედებს. ჩვენ ყველამ უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ სირიაში კრიზისი დიპლომატიური გზით მოგვარდეს“ - აღნიშნავს ჯონ კერი.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერაყი სირიაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მეზობელ ქვეყანას არანაირ დახმარებას, მათ შორის არც იარაღს აწვდის. ის სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მთავრობის ხელშეწყობით ერაყელი მოხალისეების მონაწილეობასაც უარყოფს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ადასტურებს, რომ ერაყიდან სირიაში იარაღის მიწოდების შეწყვეტის საქმეში პროგრესია, მაგრამ ამმხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

ორი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ერაყი დატოვა და 8-წლიანი ომი დაასრულა. იმის მიუხედავად, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მუდმივად კეთდებოდა განცხადებები ალ-ყაიდას დასუსტების შესახებ, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ სერვერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელია, ამბობს, რომ ალ-ყაიდას ექსპანსია ერაყში და მის საზღვრებს გარეთ, შეერთებული შტატების ბრალი მაინც არ არის.

„არ ვთვლი, რომ ეს შეერთებული შტატების დამარცხებას წარმოადგენს. არასოდეს გვითქვამს, რომ ერაყში ალ-ყაიდას ყველა წევრს გავანადგურებდით. მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე ერაყის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. მათ ვერ შეძლეს ამერიკის ჯარების ერაყიდან გამოყვანის შემდეგ მიღწეული შედეგის შენარჩუნება და ალ-ყაიდას შევიწროების გაგრძელება. ამით ალ-ყაიდამ ისარგებლა და რა თქმა უნდა, სირიაშიც გაზარდა მოქმედების არეალი“ - აღნიშნავს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი.

ხუთშაბათს გამართული შეერთებული შტატების და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 2008 წელს დადებული სტრატეგიული შეთანხმების ნაწილი, მისი გაგრძელება იყო. კონტრტერორიზმის საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ეკონომიკის, განათლების, ენერგიის, ჯანდაცვის და სამართლებრივ ასპექტებსაც მოიცავს.
XS
SM
MD
LG