ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერის მიმართვა


მას შემდეგ, რაც ისლამისტები ჩრდილოეთ ერაყში დაწინაურდნენ, ქვეყნის პრემიერი მოსახლეობას ტერიტორიის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეოფირზე მძიმე კადრებია აღბეჭდილი. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფო დატყვევებულ ერაყელ ჯარისკაცებს სიკვდილით სჯის, ზოგს თავს აჭრიან. გაისმის მოწოდებები „მუსლიმთა დაცვის“ შესახებ. ვიდეოფირზე გარკვევით არ ჩანს, თუ როდის არის ეს მოვლენები გადაღებული, ჩრდილოეთის პროვინციული დედაქალაქის -მოსულისთვის- მიმდინარე ბრძოლების დროს, თუ - უფრო ადრე.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ მკაცრად გააკრტიკა ის სამხედრო ლიდერები, რომელთაც პოზიციები დათმეს, ბრძოლის ველიდან გაიქცნენ და ქვეყნის ზომით მეორე ქალაქი -მოსული- დატოვეს. ოთხშაბათს გაკეთებულ მიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ ქალაქის მოსახლეობამ, მოხალისეებმა და ქვეყნის დანარჩენმა ნაწილმა ერთად უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ დამპყრობლები დაამარცხონ, მოსულიდან განდევნონ და ქალაქი დაიბრუნონ.

ნური ალ-მალიკის თქმით, ერაყელებმა „ქუსლიდან ეკალი უნდა მოიცილონ“. ტერორისტებისგან გათავისუფლების გადამწყვეტ ბრძოლაში ქალაქ მოსულის მოსახლეობამაც მოხალისეებად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ერაყის პრემიერი ასობით ათას მოხალისეს ითხოვს, რომელიც იმ საფრთხეს უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც მისი თქმით, ერაყის მთელ პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდება.

ისლამისტმა სამხედრო დაჯგუფებებმა, რომელთა შორის ბევრი უცხოელი მებრძოლია, მოსახლეობაში შიში დათესეს. პანიკა მთავრობის უსაფრთხოების ძალების მიერ პოზიციების დათმობამაც გამოიწვია, რომელთაც ხალხის დაცვა მოეთხოვებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასობით ჯარისკაცმა სამხედრო ფორმები დახია და თავი იქვე მდებარე ქურთისტანს შეაფარა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ერაყის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ „დაუნდობელ პაკისტანელ მებრძოლებთან პირისპირ ბროლა“ მოუწია. მისი თქმით, ერაყის ჯარმა ვერ აიძულა ისინი, რომ უკან დაეხიათ.

ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფო ქვეყნის სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში ისლამისტური ხალიფატის ჩამოყალიბებას ცდილობს. საუბარია დამასკოს და ბაღდადს შორის არსებულ ტერიტორიებზე. ტვიტერით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანან მეამბოხეები, რომლებიც ერაყს და სირიას შორის სასაზღვრო ბარიერს ხსნიან. თუმცა, ამ ფაქტების სხვა დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს.

სახელმწიფო ტელევიზია ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერაყის არმიის მეოთხე ბრიგადამ შეიარაღებული დაჯგუფებები ქალაქ ბეიჯიდან განდევნა. ქალაქი ბაღდადიდან სულ 120 კილომეტრში მდებარეობს და იქ ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა განთავსებული. მისი დაკარგვა ერაყს უდიდეს ეკონომიკური ზარალს მიაყენებს.

თურქეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ქალაქ მოსულში მათი საკონსულო ისლამისტმა ამბოხებულებმა ჩაიგდეს ხელში. ერაყის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცნობით, სამხედრო დაჯგუფებებმა 40-მდე თურქი საბარგო მანქანების მძღოლები დაატყვევეს.

ატილ ნუჯიეფი ჩრდილოეთ ერაყის პროვინციის -ნინევას- გუბერნატორია. ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დღეს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტი მეამბოხეები აკონტროლებენ. გუბერნატორის მიერ ჟურნალისტებთან ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფებებთან ბრძოლაში და რეგიონიდან მათ განდევნის ოპერაციაში მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს.

გუბერნატორის თქმით, მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ნინევას პროვინციაში სამთავრობო სტრუქტურების აღდგენისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ, რათა ქალაქი მოსული დაიბრუნონ და ის ისლამისტი მებრძოლებისგან გაათავისუფლონ.
XS
SM
MD
LG