ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ირანის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუციის განხილვა დაიწყო


გაეროში ირანის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუციის განხილვა დაიწყო

გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვა დაიწყო

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესებასთან დაკავშირებით. კლინტონის განცხადებამდე ერთი დღით ადრე თეირანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის გააგზავნოს თურქეთში გამდიდრებული ურანის გარკვეული ნაწილი და ამის სანაცვლოდ ირანი ბირთვულ საწვავს მიიღებს. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩინეთსა და რუსეთთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის წინააღმდეგ „მკაცრი“ ახალი სანქციების დაწესებაზე თანახმაა.

სანქციების პროექტი ითვალისწინებს შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებულ ემბარგოსა და იმ გემების ინსპექციას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ირანის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო ტვირთვის გადაზიდვაში. ჰილარი კლინტონის თქმით:

„რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია, ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი სანქციების დაწესებისკენ, რომელიც, ჩვენი აზრით, ირანისთვის აშკარა გზავნილს წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით თუ რას ელის მსოფლიო თეირანისგან.“

როგორც ცნობილია, ორშაბათს ირანმა, ბრაზილიამ და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანი გამდიდრებულ ურანს ბირთვულ საწვავზე გაცვლის, რომელიც თეირანის კვლევით რეაქტორს სჭირდება სამედიცინო იზოტოპების წარმოებისთვის.

შეერთებული შტატების მთავრობამ აღიარა თურქეთისა და ბრაზილიის დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნა, რომ თეირანში ორშაბათს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი ჩინეთსა და რუსეთთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა. როგორც ცნობილია, ეს ორი სახელმწიფო წარსულში სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვი და პეკინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით მიღწეულ გარიგებაში არაფერია ნათქვამი ირანში მიმდინარე ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ერთი კითხვა კვლავინდებურად უპასუხოდ რჩება. გააგრძელებს თუ არა ირანი ურანის გამდიდრებას? ირანელი ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მე შემიძლია ვთქვა, რომ ირანი ამ სფეროში საქმიანობას გააგრძელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავინდებურად შეშფოთებული იქნება ამის გამო.“

ჩინეთის მთავრობასაც გააჩნია კითხვები თურქეთ-ბრაზილიის დახმარებით გაფორმებულ გარიგებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მა ჟაოშუს თქმით:

„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ბრაზილიამ, თურქეთმა და ირანმა მიაღწიეს შეთანხმებას თეირანის ბირთვული რეაქტორისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ირანის ბირთვული საკითხის მოლაპარაკებების საფუძველზე გადაიჭრას.“

ამერიკის პროგრესის ცენტრის მკვლევარი მაქს ბერგმანი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ჩინეთის სწრაფი თანხმობა სანქციების ახალი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გასაკვირი იყო რადგან ორივე სახელმწიფოს ირანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გააჩნია.

მაქს ბერგმანის თქმით:

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნების თანხმობა ნაწილობრივ მაინც იმით აიხსნება, რომ მათთვის ორშაბათს ირანში მიღწეული გარიგება საკამოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.“

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

მაგრამ ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის მკვლევარი შარონ სკუასონი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ირანი თურქეთში საკუთარი გამდიდრებული ურანის მთლიან მარაგს არ გააგზავნის, ეს იმას ნიშნავს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნის უნარს შეინარჩუნებს. შარონ სკუასონი აღნიშნავს:

„იმ შემთხვევაში თუ ირანი თურქეთში1,200 კილოგრამ დაბალ დონეზე გამდიდრებულ ურანს გააგზავნის, მას მაინც ექნება საკმარისი მარაგი მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანისა ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.“

მისი აზრით დასავლეთმა არ უნდა უარყოს ირანში მიღწეული გარიგება მისი ზედმიწევნით შესწავლის გარეშე რადგან თეირანის მხრიდან ეს იმის მაჩვენებელია, რომ იგი ანგარიშს უწევს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს. შარონ სკუასონი დასძენს:

„მართალია ეს გარიგება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება სანქციების დაწესების შეფერხების თვალსაზრისით, მისი ზედმიწევნით შესწავლა აუცილებელია რადგან ის მაინც წარმოადგენს მცირეოდენ დათმობას.“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შემოთავაზებული სანქციების მიზანი არა მხოლოდ ირანია არამედ ის, რომ სხვა სახელმწიფოები თეირანის მაგალითს არ მიჰყვნენ.

XS
SM
MD
LG