ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აშშ-ის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება


ირანი აშშ-ის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

საგარეო პოლიტიკის სფეროში ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავინდებურად ირანის საკითხი რჩება. ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს თეირანი, რომ ირანმა ურანის გამდიდრების პროგრამა შეწყვიტოს. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ანდრე დე ნეშნერამ ირანის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ყოფილ მაღალჩინოსან პირებს ინტერვიუ ჩამოართვა.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი წლების მანძილზე აცხადებენ, რომ ირანის ურანის გამდიდრების პროგრამა სინამდვილეში ბირთვული შეიარაღების წარმოებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ირანის მთავრობა გამუდმებით აცხადებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მიზნით გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ რეზოლუციების ოთხი პაკეტი მიიღო. რეზოლუციების შედეგად ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდა. ამას გარდა, რამდენიმე სახელმწიფომ, შეერთებული შტატების ჩათვლით, ირანთან დაკავშირებით დამატებითი ერთმხრივი ზომები მიიღო.

შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი გენერალი ენტონი ზინი აღნიშნავს, რომ სანქციების შემოღება წარმატების გარანტიას არ იძლევა.

„როცა ლაპარაკია სანქციებზე, ჩვენი ამოცანა ყოველთვის უნდა იყოს ის, რომ ამგვარი ზომების მიღება უწინარეს ყოვლისა რეჟიმის და არა ხალხის დასჯას უნდა ისახავდეს მიზნად. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სანქციები პოლიტიკის წარმართვის საკმაოდ ბლაგვ მეთოდს წარმოადგენს. უმეტეს შეთმხვევაში სანქციების შემოღება ხალხს აზარალებს და არა მთავრობას,“ აღნიშნა გენერალმა ზინიმ.

მაგრამ შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს ლორენს იგელბურგერს, რომელიც ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციაში მსახურობდა, მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ირანზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კიდევ ბევრი ბერკეტის ამოქმედება შეუძლია.

„საერთაშორისო თანამეგობრობას ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ეს უწინარეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნისკენ, რომ ირანს ბირთვული შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო მასალების შეძენა არ შეეძლოს. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ზომებმა ირანის ეკონომიკური კეთილდღეობა იმდენად უნდა დააზარალოს, რომ თეირანმა დაინახოს, რომ ბირთვულ სფეროში საქმიანობის გაგრძელება უბრალოდ აღარ ღირს,“ აღნიშნა იგელბურგერმა.

გენერალ ზინის აზრით კი, ირანის ირგვლივ რეგიონალური უსაფრთხოების სისტემა უნდა შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით გენერალმა ზინიმ განაცხადა:

„რეგიონში ბევრს ირანის საკითხი ძალიან აღელვებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმარისი ძალისხმევა არ დავუთმეთ იმას, რომ მსოფლიოს ამ რეგიონში შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც ირანი აშკარად იზოლირებული აღმოჩნდება. ვფიქრობ ირანი მეზობელ ქვეყნებს ფარულად აშინებს. მეზობელი სახელმწიფოები კი ჩვენი და სხვების მიმართულებით იყურებიან და ელოდებიან იმას, რომ რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას, რაც შეიძლება საერთო საჰაერო ან ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნაში გამოიხატოს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ აუცილებელია ისეთი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც ჩვენ მოკავშირეებს დაანახებს, რომ ჩვენ ამ საფრთხეს სათანადოდ გავუმკლავდებით.“

ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების სურვილის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ თეირანთან მიმართებაში ვაშინგტონი ყველა ხერხის გამოყენებას აპირებს, რაც დიპლომატიურ პროტოკოლში ნიშნავს იმას, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული როდია.

გენერალი ზინი ამ მიდგომას იზიარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას შეიძლება შემზარავი შედეგები მოჰყვეს. ზინი და სხვა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანის ბირთვულ ამბიციებს დიპლომატიური გამოსავალი უნდა გამოუნახოს რადგან სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება.

XS
SM
MD
LG