ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ეფექტურობა საეჭვოა


ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს ახალი სანქციების დაწესების ეფექტურობა საეჭვოა

შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი გადასცა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ხსენებული სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად შერბილებულია რადგან ამ ორ სახელმწიფოს ირანთან ინტენსიური სავაჭრო კავშირები გააჩნიათ და ისინი სანქციებს ეწინააღმდეგებიან.

გასულ წელს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დადგა დრო ირანის წინააღმდეგ გაეროს მკაცრი სანქციები დაწესდეს თუ თეირანმა არ მიატოვა საკუთარი ბირთვული ამბიციები. მაგრამ როცა მიმდინარე თვის განმავლობაში მან განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა მიაღწია შეთანხმებას სანქციების დაწესების რეზოლუციასთან დაკავშირებით, მასში სიტყვა „მკაცრი“ უცებ გაუჩინარდა. მისი თქმით:

„მე კმაყოფილებით შემიძლია მოვახსენო ამ კომიტეტის წევრებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ძლიერი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავდა რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობის საფუძველზე.“

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სანქციების რეზოლუციის პროექტი, იმ შემთხვევაში თუ ის დამტკიცდა, იქნება ირანის წინააღმდეგ მიმართული გაეროს სანქციების მეოთხე რაუნდი. ამას გარდა ახალ სანქციებში გათვალისწინებული ზომები მხოლოდ ოდნავ ამკაცრებს ამჟამად არსებულ სანქციებს. შემოთავაზებული სანქციების პროექტი ითვალისწინებს გარკვეული ზომების მიღებას ირანის ბანკების წინააღმდეგ. ამას გარდა სანქციების პროექტი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს განახორციელონ იმ გემების ინსპექციები, რომელიც შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს ირანის ბირთვული ან სარაკტო პროგრამებისთვის საჭირო ტვირთვის გადაზიდვაში. მაგრამ ამგვარი ინსპექციების ჩატარებისთვის საჭირო იქნება ირანის მთავრობის თანხმობა და გარდა ამისა სანქციების პროექტში არაფერია ნათქვამი ინსპექციების ჩატარების მექანიზმზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სანქციების ახალი პროექტი არ ზღუდავს ირანის საწვავით ვაჭრობას.

ირანის საკითხების ანალიტიკოსი კერძო სადაზვერვო ფირმა „სტრატფორში“ რევა ბჰალა აღნიშნავს, რომ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღება აზრს მოკლებულია რადგან სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად შერბილებულია ჩინეთისა და რუსეთის მოთხოვნების გამო. ბჰალას თქმით:

„დიპლომატიურ სამყაროში ეს უფრო სანახაობას წარმოადგენს. შეერთებული შტატები ცდილობს დაანახოს ყველას, რომ იგი სახელმწიფოების კოალიციას უძღვება, რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით, რომლებიც ირანის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებისთვის მზად არიან. ამიტომაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ამჟამად განხილვის საგანია, მნიშვნელოვნად დასუსტებულია. მასში მაგალითად საერთოდ არაფერია ნათქვამი ენერგეტიკის საკითხზე. სინამდვილეში ახალი რეზოლუციის პროექტი ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაგრძელებას წარმოადგენს.“

მაგრამ სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ნიკოლას ბერნსმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მართალია შემოთავაზებულ სანქციებს შეიძლება პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვეს, მათ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ბერნსმა აღნიშნა:

„ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ უშიშროების საბჭო გაერთიანდეს იმ იდეის ირგვლივ, რომ ირანის მთავრობას სიმართლე არ უთქვამს და თეირანმა 2006 წლიდან 2008 წლამდე მიღებული სანქციების პირველი სამი რაუნდი უგულვებელყო. მე ვფიქრობ, რომ სიმბოლური მნიშვნელობა იმისა, რომ ირანი კანონგარეშედ გამოცხადდება თავის თავად ძალზედ მნიშვნელოვანია. მართალია შეიძლება სანქციები არ იყოს მკაცრი, მათ მაინც მოჰყვება გარკვეული შედეგი.“

სახელმწიფო მდივნის განცხადებას წინ უძღვოდა ირანის მთავრობის განცხადება, რომ თეირანი გამდიდრებული ურანის გარკვეულ ნაწილს თურქეთში გააგზავნის ბირთვული საწვავის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შემუშავებულ იქნა მსგავსი გარიგება, მაგრამ მაშინ ირანის მთავრობამ ბოლო მომენტში მოლაპარაკებები დატოვა. ამჟამად ირანს უფრო მეტი ბირთვული მასალა გააჩნია. ამას გარდა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბრაზილიისა და თურქეთის შუამავლობით შემუშავებულ გარიგებაში ბევრი გაურკვეველი მომენტია. მათ შორის ირანის მთავრობას ეძელვა უფლება გამოვიდეს გარიგებიდან და მოითხოვოს საკუთარი ურანის დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ გარიგებამ არ დააკმაყოფილა თეირანის მოთხოვნები.

ამასობაში შეერთებული შტატების კონგრესში ცალმხრივი სანქციების მეორე რაუნდი მზადდება. საკანონმდებლო პროექტი სათაურით „ირანის გაწმენდილი საწვავის სანქციების აქტი“ ითვალისწინებს შეერთებული შტატების სანქციების გაფართოებას რათა შესაძლებელი გახდეს ირანის მიერ საწვავის იმპორტის შეზღუდვა. მართალია ირანი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა, მას თითქმის არ გააჩნია მოპოვებული ნავთობის გადამუშავების უნარი და შედეგად თეირანი იძულებულია იყიდოს საწვავი საზღვარგარეთ.

ამგვარი ზომის მიღება ირანს დიდ ზიანს მიაყენებს. საკანონმდებლო პროექტი კონგრესის ორივე პალატაში მიიღეს და ამჟამად დოკუმენტს ეგრეთწოდებულ საკონფერენციო კომიტეტში იხილავენ სხვაობების მოცილების მიზნით.

არსებობს იმის რისკიც, რომ კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გაეროს უშიშროების საბჭოში მიღწეულ მყიფე კონსენსუსს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე გააფრთხილა შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომ რუსეთი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების მიღებას მხარს არ დაუჭერს.

XS
SM
MD
LG