ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ავიაცია: უკრაინულ თვითმფრინავს ორი რაკეტა ესროლეს


უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის მიმართულებით ირანის სამხედრო ძალებმა 8 იანვარს ორი რაკეტა ისროლეს. დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ირანის სამოქალაქო ავიაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველად დაადასტურა, რომ "ბოინგის" მიმართულებით ერთზე მეტი რაკეტაა ნასროლი.

ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. გამოყენებულია TOR-M1 მოდელი, რომელიც რუსული წარმოების რაკეტაა.

ირანის სამოქალაქო ავიაცია შავი ყუთის გასაშიფრად დახმარებას სთხოვს შეერთებული შტატების და საფრანგეთის სატრანსპორტო უსაფრთხოების ორგანიზაციებს. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჯერჯერობით ვაშინგტონიდან და პარიზიდან პასუხი არ აქვთ.

თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, თვითმფრინავი, რომელიც 8 იანვარს რეის 752-ს ასრულებდა, ძალიან მალე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ივე ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის შემდეგ, ირანი ჯერ აცხადებდა, რომ უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოვარდა. თეირანმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა, რომ ის რაკეტით არის "შეცდომით" ჩამოგდებული. აღიარებამ ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG