ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ლიბანის საზღვართან


ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით თითქმის მთლიანად ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს დაეთმო. მაგრამ ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში არსებობს მწვავე აუცილებლობა იმისა, რომ ისრაელსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის მშვიდობა დამკვიდრდეს.

ისრაელის მიწის ნაკვეთებს პატარა გორაკი გადმოჰყურებს. აქ ბავშვები სათამაშო მოედანზე ცელქობენ, ხოლო ახლომდებარე მაგიდასთან კაცები სხედან. ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარკი ლიბანში მდებარეობს და იქვე ირანის დროშა ფრიალებს.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომლის ლიდერებს მსოფლიოს რუკიდან ისრაელის წაშლა სურთ, ხსენებული პარკი 2006 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას აჩუქა. როგორც ცნობილია, ამ კონფლიქტის დროს ისრაელი ლიბანში მოქმედ ირანის მოკავშირე შიიტურ გასამხედროებულ ჯგუფს ჰეზბოლას დაუპირისპირდა.

პარკი წარმოადგენს აშკარა დადასტურებას იმისა, რომ ომიდან მოყოლებული ირანმა ლიბანის სამხრეთ რეგიონში გარკვეული ინვესტიციები დააბანდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ომის შემდეგ პერიოდში ჰეზბოლას წარმომადგენლების მიერ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ფულადი კომპენსაციების განაწილება სინამდვილეში ირანიდან ფინანსდებოდა.

ბევრად უფრო რთულია იმის გარკვევა თუ რამდენს ხარჯავს ირანი ჰეზბოლას შეიარაღებაზე. როგორც ცნობილია, ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს.

ბეირუტში კარნეგის სახელობის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის დირექტორი პოლ სალემი აღნიშნავს, რომ ჰეზბოლას არსენალი მცირე, საშუალო- და გრძელი რადიუსის რაკეტებს შეიცავს, მაგრამ რაკეტების ზუსტი რიცხვის დადგენა ისევე როგორც ჰეზბოლას სამომავლო გეგმებში გარკვევა ძნელია. მისი თქმით:

„როგორც ჩანს, სარაკეტო სისტემების გამოყენებით მათ ისრაელზე დიდი ზიანის მიტანა შეუძლიათ. მაგრამ ჰეზბოლას 2006 წლის გამეორება ანუ ისრაელთან ომი ნამდვილად არ სურს.“

მართალია 2006 წლის კონფლიქტში ჰეზბოლამ გაიმარჯვა, ეს ლიბანს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავინდებურად მიმოფანტულია კასეტური ბომბები და საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაახლოებით 200,000 ადამიანი დღემდე იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.

სალემი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი ისლამური რევოლუციური მოდელისგან ჰეზბოლა მნიშვნელოვნად განვითარდა და ლიბანის მრავალსარწმუნოებიანი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. წარსულში ამ ორგანიზაციის მიერ ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო ეს ჯგუფი შეერთებული შტატების ტერორისტული ჯგუფების სიაში მოხვდა. მაგრამ ჰეზბოლას ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ამას გარდა ლიბანის მთავრობის ზოგიერთი მინისტრი ჰეზბოლას წევრია. ჰეზბოლა მოსახლეობის საკეთილდღეოდ სოციალური უზრუნველყოფის მრავალ პროექტში აქტიურად მონაწილეობს. მას საავადმყოფოები, სკოლები და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობები ეკუთვნის.

ჰეზბოლას ამ მრავალფეროვანი საქმიანობის ფონზე ბოლო ოთხი წელი შედარებითი სიმშვიდით გამოირჩეოდა.

სიმშვიდე აგრეთვე აიხსნება იმით, რომ 2006 წლის კონფლიქტის შემდეგ გაერომ სამხრეთ ლიბანში მშვიდობისმყოფელების მისია გაზარდა. გაეროს მშვიდობისმყოფლებს ლიბანის საჯარისო შენაერთებიც დაემატა, რომლებიც ამ რეგიონს ათწლეულების მანძილზე თავს არიდებდნენ. სამხრეთ ლიბანში დისლოცირებული გაეროს მშვიდობისმყოფელების წარმომადგენელი ანდრეა ტენენტი აღნიშნავს:

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქ უჩვეულო სიმშვიდე სუფევს. ჩვენ ლიბანის სამხედრო ძალებთან მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ. ამ თანამშრომლობის შედეგი გახლდათ ის, რომ ლიბანის სარდლობამ ქვეყნის სამხრეთში სამხედრო ძალები გაზარდა და ამ მიზნით დამატებითი ბრიგადა გამოყო.“

მაგრამ ცოტა ხნის წინ მომხდარ სასაზღვრო ინციდენტში სწორედ ლიბანის არმია იყო ჩარეული და არა ჰეზბოლა. როგორც ცნობილია, გასულ თვეს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ყველაზე სერიოზული სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტაკებამ ისრაელის სამხედრო ძალების ოფიცერი, სამი ლიბანელი ჯარისკაცი და ჟურანლისტი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის არმიამ სამხედრო კონფრონტაცია სათანადოდ ვერ მოაგვარა, თვით ის ფაქტი, რომ ლიბანის სამხედროები მზად იყვნენ ბევრად უფრო უკეთესად შეიარაღებულ და გაწვრთნილ ისრაელის ჯართან დაპირისპირებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჰეზბოლას მთავარ საბაბს რის გამოც ეს ჯგუფი შეიარაღების ფართო არსენალს ინარჩუნებს - ანუ ლიბანის ეროვნულ უსაფრთხოებას.

პენსიაზე გასული ლიბანელი გენერალი ელიას ჰანა აღნიშნავს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ის, რომ ახლო მომავალში ლიბანის არმია ჰეზბოლას შეცვლის. ეს, მისი თქმით, არა მხოლოდ ლიბანის არმიის მოუმზადებლობით აიხსნება.

„თუ ჰეზბოლასა და არმიას შორის კონკურენცია დაიწყო და თუ არმია ჰეზბოლას დაემსგავსა და ქვეყნის დასაცავად მზად იქნება, მაშინ რასაკვირველია ჰეზბოლას არსებობის აუცილებლობა აღარ იქნება საჭირო. მაგრამ ჰეზბოლა რეგიონალურ საკითხებს უკავშირდება და ამ ჯგუფის ხელმძღვანელობა ამ მომენტს ხშირად ხაზს უსვამს. ისინი ხომ ‘წინააღმდეგობის ღერძის’ წევრები არიან, რომელიც ლიბანს, სირიასა და ირანს შეიცავს,“ აღნიშნა გენერალმა ჰანამ.

რეგიონალურ საკითხებს შორის ირანს ყველაზე უფრო მისი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ისრაელის შესაძლო საჰაერო დარტყმა ადარდებს. ისრაელი, შეერთებული შტატები და სხვა სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ ირანი ბირთვული შეიარაღების მოპოვებას ცდილობს, რომელსაც თეირანმა შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენოს.

კარნეგის სახელობის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის მკვლევარი პოლ სალემი აღნიშნავს, რომ თუ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა განახორციელა, მაშინ თეირანი საპასუხო დარტყმისთვის უდავოდ ჰეზბოლას გამოიყენებს.

„ეს ყველას ადარდებს. დამერწმუნეთ, რომ ლიბანელები ამის გამო გახარებულები არ არიან. მაგრამ ირანი წლების მანძილზე ამ ჯგუფზე მილიონობით დოლარს ტყუილად არ ხარჯავდა და ამდენად თუ საჭიროება ამას მოითხოვს, ისინი მას უთუოდ აამოქმედებენ,“ დასძინა სალემმა.

სალემი აღნიშნავს, რომ ირანი არ მისცემს „მცირერიცხოვან ლიბანელებს“ იმის უფლებას, რომ მათ ჰეზბოლა დაბლოკონ თუ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის განხორციელება საჭირო გახდა.

XS
SM
MD
LG