ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მანუჩერ მოთაკის მოულოდნელმა გადაყენებამ ბევრი კითხვა წარმოშვა. მედიის ინტერესის დაკმაყოფილებას საგარეო უწყების პრესპიკერი რამინ მეჰმანპარასტი შეეცადა. მისი თქმით, მოთაკის გათავისუფლება ირანის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ გამოიწვევს. ასევე მის პასუხებში იყო ოდნავი მინიშნებები, თუ რა მოხდა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
„მისი თქმით, სამოქალაქო მოსამსახურეების ან მათი პასუხისგებლობის შეცვლა, ეს ირანის ისლამური რესპუბლიკაში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა და პრინციპები ძირითად საკითხებზე და მინისტრის შეცვლა ამ პრინციპების გადახედვას არ გამოიწვევს“
რამინ მეჰმანპარასტიმ აღნიშნა, რომ მანუჩერ მოთაკი თითქმის ხუთი წლის მანძილზე იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს იყო განსაკუთრებული აქტიურობის და დიდი მიღწევების პერიოდი.
მისი თქმით, მოთაკი ირანის საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად ბეჯითად მუშოაბდა.
პრეს-სპიკერმა ახლად დანიშნულ მინისტრზე ალი ქაბარ სალეჰზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია სალეჰი მანამდე ირანის ბირთვულ სააგენტოს ედგა სათავეში. რამინ მეჰმანპარასტიმ დასძინა, რომ სალეჰი არის ღრმად მორწმუნე და რელიგიური ადამიანი და მის ხელში ირანის საგარეო პოლიტიკური ბერკეტების მოქცევა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტად იქნება დაცული.
აღსანიშნავია, რომ მოთაკის გათავისუფლება რამდენიმე კონსერვატიულმა გაზეთმა გააკრიტიკა. ერთერთი გამოკვეთილი გამოცემის „კაიჰანის“ რედაქტორმა ამ ნაბიჯს „ღია შეურაცხყოფა“ უწოდა, რადგანაც მოთაკი მაშინ მოხსნეს, როდესაც ის აფრიკის ქვეყნებში სამუშაო ტურნეს ასრულებდა.
ამ ნაბიჯს ასევე სკანდალური უწოდა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულჰასან ბანი სადრმაც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა აჩვენა, რომ ის და ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ერთად მართავენ ქვეყანას და წარმართავენ საგარეო პოლიტიკას.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ირანის საკითხების ანალიტიკოსი გარი სიკი თვლის, რომ სალეჰის დანიშვნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავს, რომ ბირთვული პროგრამა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი გახდება.
„სალეჰი ირანის ბირთვული საკითხების რეალური ექსპერტია. ის მუდამ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო და მან რეალურად იცის ეს საკითხი თავიდან ბოლომდე. ამდენად, თუკი ბირთვული პროგრამა ირანის სგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა გახდეს, მაშინ სალეჰი ამისთვის საუკეთესო კანდიდატურაა,“ - განაცხადა გარი სიკმა.
აღსანიშნავია, რომ სალეჰი პრესტიჟული მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტის დოქტორია. მას ასევე დამთავრებული აქვს ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი და პრაქტიკულად იდეალურად ფლობს არაბულ ენას. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ირანის და არაბული ქვეყნების ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა, განსაკუთრებით ვიკილიქსის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნების შემდეგ. ამდენად, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ მიმართულებითაც გააქტიურებს მუშაობას.