ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

18 წლის წარმატებული ბიზნესმენი


„აიფონის“ ცოდნა სკოლის მოწაფემ შემოსავლის წყაროდ აქცია და ამერიკის მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა

ლოს ანჯელესის ერთ მყუდრო სამეზობლოს, სადაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია და სულ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, აიფოუნის ე.წ. საავადმყოფოთი იცნობენ. ახალგაზრდა „ექიმის“ სახელია ვინსენტ ქუიგი.

„თვრამეტი წლის სტუდენტი ვარ. თან - კომპანია „ტექვორლდის“ დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი. აიფოუნების სისტემების ინდივიდუალურ მორგებაზე და მათ შეკეთებაზე ვმუშაობ“ - ამბობს ის.

კარლა, ვინსენტის დედა ამბობს, რომ ბიზნესმენობა მას ბავშვობიდან უნდოდა: „სულ პატარა იყო და ფულის კეთების იდეები მუდმივად უჩნდებოდა“.

„ტექვორლდი“ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დააარსა. მას ორგანიზაცია „მეწარმეთა თრეინინგის ქსელები“ დახმარებია.

„დედა რამდენიმე წლის წინ მარტო დარჩა. მას - ხელის შეწყობა ჭირდებოდა. მე კი მინდოდა ცხოვრების მაღალი სტანდარტი შემენარჩუნებინა. ამისთვის საკუთარი შემოსავლის წყარო და დანაზოგი უნდა მქონოდა. მინდოდა ტელეფონი, მანქანა და ასეთი რაღაცეები ჩემით მეყიდა. ამისათვის გზების ძებნაც დამოუკიდებლად მომიწია“ - ყვება ვინსენტი.

დედის თქმით, თავიდან ბიზნეს-გეგმის შედგენა საკმაოდ გაუჭირდა. მერე ერთი პერიოდი თურმე სკოლაც მიატოვა, რამაც მშობელი ძლიერ გაანაწყენა.

„დასაწყისი წარმოუდგენლად ძნელი იყო. საქმე უნდა მომეძებნა და ამეწყო. მაგრამ ერთხელაც ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი „აჰა!“ მომენტი დადგა და ზუსტად ვიცოდი რა უნდა მექნა. ყველაფერი გაიოლდა და სახალისოც გახდა“ - ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

მალე სკოლაშიც დაბრუნდა, უნივერსიტეტშიც მოეწყო და ეროვნულ კონკურსში წლის საუკეთესო დამწყები ბიზნესმენიც გახდა. „მეწარმეთა თრეინინგის ქსელების“ ლოს ანჯელესის ფილიალის დირექტორი ესტელ რეისი გვიყვება:

„საკუთარი თავის და ოცნებების წარმოჩენის დაუჯერებელი ნიჭი აქვს. გაიძულებს ენდო, ყველაფერში ბოლომდე აყვე და თუ საჭიროა, მიტინგიც კი მოაწყო მისთვის“.

ბრიზა მუნოსი ვინსენტის ერთ-ერთი კლიენტია და ამბობს, რომ ვინსენტის მიგნება არ გაჭირვებია:

„ინტერნეტზე ვიპოვე. ბევრი რამ მსმენოდა. ისიც ვიცოდი, რომ წლის საუკეთესო დამწყები ბიზნესმენი იყო. მივხვდი, რომ სანდო ადამიანია და ჩემი აიფოუნი მის ხელში საიმედოდ იქნება“.

სახელი მოკლე დროში გაითქვა, რეპუტაციაც დაიმკვიდრა და წარმატებასაც აღწევს. ვინსენტი ამბობს, რომ თვეში საშუალოდ 10 დაკვეთა აქვს და 1, 500 დოლარს აკეთებს. უკვე ორი თანამშრომელი აიყვანა. კეისი უილერი ერთ-ერთი მათგანია.

„სასწაული ბავშვია. ახალ-ახალი იდეები ყოველდღიურად მოსდის. მასზე თვალის დევნება მთელი სიამოვნებაა. ჩემთვის მართლა საოცრებაა“ - ამბობს ვინსენტის თანამშრომელი. ის დღეს ტექნიკურ მხარეს აწესრიგებს. ვინსენტი კი უკვე მარტო მენეჯმენტითაა დაკავებული.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნებაა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიმუშაო. არ მინდა ყოველდღიურად ბოსის განკარგულებებს ვუსმინო. საქმე უნდა გავზარდო. საკუთარი შემოსავლის ქონას არაფერი ჯობია“ - ამბობს ვინსენტი.

ოცნებისკენ პირველი ნაბიჯი ვინსენტმა წარმატებით გადადგა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG