ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ პაველ ბაევთან


ექსკლუზიური ინტერვიუ პაველ ბაევთან

ინტერვიუს დასაწყისში პაველ ბაევმა ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმაში პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის ვრცელ საპროგრამო გამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ფართო, პანორამული ხედვა. არსებითად მის ანგარიშში ძირითადად ლაპარაკი იყო სამომავლო გეგმებზე. პრემიერ მინისტრმა კანონმდებლებს წარუდგინა ეკონომიკის განვითარების ყველა შესაძლო სამოქმედო გეგმა. მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს განზრახული, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორში სახელმწიფო გავლენის გაზრდას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი სოციალურ სფეროში. გამოსვლა შეიცავდა უამრავ დაპირებას, რომელიც მიმართული იყო როგორც ზოგადად ამომრჩევლებისთვის ისე მეწარმეებისთვის და სხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის. ამდენად, ჩემი აზრით, ამდენი დაპირებების მიცემა კონტრპოდუქტიულია რადგან ხალხს მათ შესრულებაში ეჭვი შეეპარება.“

მკვლევარს მიაჩნია, რომ მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში პრემიერ მინისტრის გამოსვლა ემსახურებოდა ერთადერთ ამოცანას - დაეწყნარებინა რუსი ამომრჩევლები ახლო მომავალში სტაბილურობის უზრუნველყოფის დაპირებით. ფაქტობრივად საპროგრამო მიმართვაში პუტინმა განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი განვითარების ზოგადი მიმართულება რათა ამომრჩევლებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რაიმეს შეცვლის.

რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებს, რომელთა რიგით მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ბერნში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ბაევმა აღნიშნა:

„ვფიქრობ ამ მდგომარეობაში რუსეთი არსებითად ჩიხშია მოქცეული რადგან კომპრომისის მიღწევა ძალიან რთულია. ეს კი ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ რუსული მხარე არასწორად იგებს ქართულ პოზიციას და ქართული მხარის მოქნილობის ზღვარს ამ საკითხთან დაკავშირებით.“

ბაევის თქმით, ამჟამად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის პოლიტიკური განრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავის დროზე ამ მიმართულებით მუშაობა თავდაპირველად პუტინმა წამოიწყო. ახლა კი, როგორც ჩანს, პუტინს უფრო რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის გაფართოების იდეა აინტერესებს. ამ მიზნით მას საბაჟო კავშირში უკრაინის გაწევრიანება სურს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ უკრაინამ საბაჟო კავშირში გაწევრიანება თუნდაც გაიფიქროს, რადგან უკრაინა გაწევრიანებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ევროკავშირთან მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული, რაც, თავის მხრივ, საბაჟო კავშირში გაწევრიანებას გამორიცხავს. ამდენად უკრაინა საბაჟო კავშირში არ გაწევრიანდება, მაგრამ მიუხედავად ამისა პუტინი ამ საკითხს ჯიუტად წინა პლანზე აყენებს,“ აღნიშნა პაველ ბაევმა.

ინტერვიუს დასასრულს ბაევმა რუსეთ-ამერიკული „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფარგლებში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა ამგვარად შეაფასა:

„სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების წარმატებული გაფორმების შემდეგ ვაშინგტონში ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის გაგრძელების სურვილი აშკარად შეინიშნებოდა. მაგრამ ახლა პაუზა იგრძნობა რადგან ორივე მხარეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და თანამშრომლობის მიმართულების შერჩევა უჭირს. ეს პაუზა განპირობებულია მრავალი ფაქტორით. მათ შორის გამოვყოფდი იმას, რომ ორმხრივი თანამშრომლობა შეიარაღებათა კონტროლის სფეროში ჩიხში მოექცა. ხოლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება გართულდა იმის გამო, რომ კომერციულ სფეროში თანამშრომლობა პოლიტიკურ ბრძანებებს არ ექვემდებარება. ამას გარდა, პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვნად შეფერხდა ვინაიდან ის სფეროები სადაც თანამშრომლობა შესაძლებელი იყო, ირანის ჩათვლით, უკანა პლანზე გადავიდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სადაც ცხადია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები უკავიათ".

XS
SM
MD
LG