ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტსაქმიანობის რეგულაციები აშშ-ში


ინტერნეტსაქმიანობის რეგულაციები აშშ-ში
ინტერნეტსაქმიანობის რეგულაციები აშშ-ში

გუშინ შეერთებული შტატების ფედერალურმა კავშირგაბმულობის კომისიამ ინტერნეტში კომერციული და სხვა სახის საქმიანობის დარეგულირების მიზნით ახალი წესები დაამტკიცა. ახალი წესების მომხრეები აღნიშნავენ, რომ ხსენებული ზომები მომხმარებლების, ინტერნეტ კომპანიებისა და ინვესტორების უფლებებს დაიცავს. ხოლო ისინი, ვინც ახალ წესებს ეწინააღმდეგებიან, აღნიშნავენ, რომ მათი შემოღება აზრს მოკლებულია და რომ შედეგად შეერთებული შტატების მაგალითს სხვა ქვეყნები მიბაძავენ, რაც ინტერნეტის მზარდ რეგულირებას გამოიწვევს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ვილიამ აიდი ვაშინგტონიდან იუწყება, ფედერალური კავშირგაბმულობის კომისიის წევრებს შორის ახალი წესების განხილვამ ცხარე დებატები გამოიწვია, რაც გამოიხატა იმაში, რომ წესების მხარდაჭერით კომისიის სამი წევრი გამოვიდა, ხოლო მათ წინააღმდეგ კი ორი. კენჭის ყრისას კომისიის წევრების ხმებში პარტიული გაყოფა აისახა. კომისიის ორმა დემოკრატმა წევრმა და კომისიის დემოკრატმა თავჯდომარემ ჯულიუს გენაჩოვსკიმ ახალ წესებს მხარი დაუჭირეს. ახალი წესების წინააღმდეგ კი კომისიის ორი რესპუბლიკელი წევრი გამოვიდა.

გენაჩოვსკიმ აღნიშნა, რომ ახალი წესების მიღება უწინარეს ყოვლისა შესრულებადი დირექტივების შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტში ამჟამად თავისუფლება და გამჭვირვალეობა დაცული როდია. ინტერნეტში ფუნდამენტური უფლებების დამცველი კანონმდებლობა არ არსებობს. ამას გარდა ტექნოლოგიისა და ბიზნეს მოდელების განვითარების პარალელურად ჩვენ ინტერნეტის გამჭვირვალეობის შეფასების პროცესი არ გაგვაჩნია. გამომგონებლები და მომხმარებლები ინტერნეტში თაღლითური საქმიანობისგან დაცულები არ არიან. ამის მსგავსად ინტერნეტ კომპანიებს ქსელების ეფექტური მართვის, გაფართოებისთვისა და მათში ინვესტიციების დაბანდებისთვის ბიზნეს გარემოს პროგნოზირება უჭირთ,“ აღნიშნა გენაჩოვსკიმ.

კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ინტერნეტში გამოგონებების გავრცელებაში დაინტერესებულია. პრეზიდენტის განცხადებით ინტერნეტის მომხმარებლები თაღლითური საქმიანობისგან სათანადოდ დაცულები უნდა იყვნენ და ინტერნეტის დემოკრატიული სულისკვეთება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

ეგრეთწოდებულ „ქსელის ნეიტრალიტეტთან“ დაკავშირებული წესები ინტერნეტ კომპანიებს იმ კომპიუტერული პროგრამების დაბლოკვას უკრძალავს, რომელიც დიდ გამტანუნარიანობას მოითხოვს.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფედერალური კავშირგაბმულობის კომისიას მიღებული წესების გატარების უფლება არ გააჩნია. როგორც მოსალოდნელია, ხსენებულ წესებს ახალ კონგრესში ისევე როგორც სასამართლოებში დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ.

კომისიის რესპუბლიკელმა წევრმა რობერტ მაკდაუელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნები მიბაძავენ.

„დღეს შეერთებულმა შტატებმა უგულვებელყო დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებული, ორპარტიული და საერთაშორისო კონსენსუსი, რომლის მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან ინტერნეტის დაცვა. ამის ნაცვლად არავის არჩეულმა და პოლიტიკურად დანიშნულა სამმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო კონტროლის დაწესებას დაუჭირა მხარი,“ დასძინა მაკდაუელმა.

XS
SM
MD
LG