ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის საერთაშორისო იმპორტ-ექსპორტი


იარაღის საერთაშორისო იმპორტ-ექსპორტი

შეერთებული შტატები მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ინდოეთი კი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა

2010 წელს ინდოეთმა იარაღის იმპორტის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო და მსოფლიოში იარაღის უმსმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ეს ინფორმაცია სტოკჰოლმში დაფუძნებულმა საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. იგივე ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატები კვლავ ლიდერობს მსოფლიოში იარაღის ექსპორტის რაოდენობით. მარკ ბრომლი სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. მისი თქმით, „2001 წლის შემდეგ მსოფლიოში იარაღი შესყიდვაზე დახარჯულმა თანხამ მკვეთრად მოიმატა.“

ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2006-2010 წლებში იარაღის შესყიდვაზე დახარჯული თანხა თითქმის ერთი მეოთხედით აღემატება წინა ოთხი წლის მონაცემებს. შეიარაღების ოთხი უმსხვილესი იმპორტიორი აზიის კონტინენტზე მდებარეობს. ეს ქვეყნებია ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და პაკისტანი. უკანასკნელი მონაცემებით ინდოეთმა ჩინეთი უკან ჩამოტოვა ჩვეულებრივი შეიარაღების შესყიდვის მხრივ. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე მსოფლიოში მთლიანად გაყიდული იარაღის 10 პროცენტი ინდოეთმა იყიდა.

ბრომლის თქმით, 2009 წელს ინდოეთმა თავდაცვის სექტორზე დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამაში შედიოდა შეიარაღებული ძალების გათანამედროვება და იმ პოტენციური საფრთხეებისგან თავის დაცვა, რომელიც ინდოეთს პაკისტანისა და ჩინეთისგან ემუქრება:

„ინდოეთმა ახლახან დაიწყო ამბიციური პროგრამა, რომელიც შეიარაღებული ძალების თავიდან აღჭურვას ითვალისწინებს. ქვეყნის მთავრობა დიდი რაოდენობით თანხებს გამოყოფს საზღვარგარეთ წარმოებული სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ამაში ძირითადად მოიერიშე თვითმფრინავები და საზღვაო თავდაცვის სისტემები შედის. სავარაუდოდ ინდოეთი კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელებს ამ ტენდენციას.“

ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ასევე ამბობს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ამერიკა ყოველწლიურად იარაღის გლობალური ბაზრის ერთ მესამედს ამარაგებს.

ბრომლის განცხადებით, ბოლო ხანებში აქტიური კონკურენცია გამოიკვეთა იარაღის მწარმოებელ ქვეყნებს შორის. ისინი აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში საბაზრო უპირატესობის დამყარებას ცდილობენ.

ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ თავდაცვაზე დანახარჯების შემცირება დაიწყო. ადგილობრივი მწარმოებელბის დასახმარებლად კი ისინი მსოფლიოს ყველა კუთხეში იარაღის ბაზარს აფართოვებენ. ამის გამო, გარკვეული მთავრობები მკაცრი კრიტიკის სამიზნე ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა რამდენიმე ისეთ ქვეყანას მიყიდა სამხედრო აღჭურვილობა, რომლებმაც მოგვიანებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს

„ასეთი შემთხვევა ლიბიაში და ჩრდილოეთ აფრიკის კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში მოხდა. იარაღის ექსპორტის ლიცენზიის გაცემა, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუმცა საგარეო პოლიტიკაში არ უნდა იყოს აღრეული. მაგრამ იარაღის ექსპორტზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად საგარეო პოლიტიკასა და იარაღით ვაჭრობას შორის არსებული კავშირი შეიძლება უფრო რთულად გასაყოფი აღმოჩნდეს.“

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსიტუტი დაახლოებით 40 წლის წინ შეიქმნა და მისი ძირითადი დანიშნულება მსოფლიო იარაღის ბაზარზე მეტი გამჭვირვალობის დანერგვას ცდილობს.

XS
SM
MD
LG