ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის ახალი მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ხანდაზმულებს, უმცირესობების წარმომადგენლებსა და ჯანმრთელობის მანამდე არსებული პრობლემების მქონე პაციენტებს შეექმნათ. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ციფრები ყველაზე მაღალი 80 წელზე ასაკოვან მოსახლეობაში, ყველაზე დაბალი კი - 9 წელზე პატარებში იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ თავად დაავადების შემთხვევებს შორის კონკრეტული ასაკობრივი განსხვავებების და ტენდენციების დასახელება ზოგ შემთხვევაში ძნელია, რადგან მაგალითად 40-59 წლის ასაკის ადამიანებში ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე 60-79 ასაკის კატეგორიაში.
კოვიდი და ეთნიკური წარმომავლობა
იმ შემთხვევებიდან, როდესაც კორონავირუსის მქონე გარდაცვლილ პაციენტთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ექიმებისთვის ცნობილი იყო, 33 % - წარმოშობით ლათინური ამერიკიდან იყო, 22 % - შავკანიანი, 1.3 % კი - მკვიდრი ინდიელი ან ალასკის მცხოვრები. ყველა ეს ციფრი არაპროპორციულად მაღალია იმასთან შედარებით, თუ რამდენს შეადგენენ ეს ჯგუფები ამერიკის სრულ მოსახლეობაში. (ლათინურ ამერიკული წარმოშობის მცხოვრებნი აშშ-ის მოსახლეობის 18 %-ია, შავკანიანი მოსახლეობა 13 %, და 0.7 % - მკვიდრი ინდიელები თუ ალასკელები.
ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების 2.1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 116 ათასზე მეტი ადამიანი - ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჯანდაცვის ექსპერტები მომავალ თვეებში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის გარდაცვალებას კვლავ ვარაუდობენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეს მონაცემები 1.7 მილიონამდე ინფიცირების და გარდაცვალების 103 000 შემთხვევის კვლევის საფუძველზეა მიღებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 22 იანვრიდან 30 მაისის შუალედში არსებული მონაცემები გააანალიზა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც კორონავირუსს უძღოდა წინ, ასეთ ადამიანებში ჰოსპიტალიზაცია 6-ჯერ უფრო ხშირად ხდებოდა, გარდაცვალება კი 12-ჯერ უფრო მეტად დაფიქსირდა. მათ შორის იყო გულსისძარღვთა დაავადებები (32 %) დიაბეტი (30 %) და ფილტვების ქრონიკული დაავადებები (18%). ინფიცირების თითქმის თანაბარი რაოდენობაა ქალებსა და კაცებს შორის, თუმცა როგორც ჩანს მამაკაცების ჰოსპიტალიზება, ინტენსიურ თერაპიაში მოთავსება თუ გარდაცვალება უფრო ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე - ქალებისა.
ყველა შტატში ბიზნესები ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა შეზღუდვები თითოეულ მათგანში განსხვავდება. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ბევრ შტატში და მათ შორის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნიუ-იორკშიც მცირდება, მაგრამ 21 შტატში ციფრები ჯერ კიდევ მზარდია.
ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები შესაძლოა მასშტაბური თავყრილობების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდოს. მათ შორის, ამერიკაში გასულ კვირებში მიმდინარე პროტესტების თუ შაბათს ოკლაჰომაში დაგეგმილი პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შეხვედრის შემდეგაც, რაც პირველი ასეთი თავყრილობაა თვეების შემდეგ.
Facebook Forum