ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამხილებელი თანახმაა რესპუბლიკელების კითხვებს უპასუხოს


ანონიმური მამხილებელი, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის სატელეფონო საუბრის შესახებ, გენერალურ ინსპექტორს აცნობა, თანახმაა რესპუბლიკელი კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატმა მარკ ზაიდმა კვირას "ტვიტერზე" დაწერა, რომ სამართლებრივმა გუნდმა დევიდ ნუნესს, პალატის დაზვერვის კომიტეტის წამყვან რესპუბლიკელს შესთავაზა, რომ მან თავისი შეკითხვები წარმოადგინოს. მამხილებელი კი ამ შეკითხვებს ფიცის ქვეშ, წერილობით უპასუხებს. ადვოკატის თქმით, ის მხოლოდ იმ შეკითხვებს არ გასცემს პასუხს, რომელიც მისი ვინაობის გამამჟღავნებელი იქნება.

კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, პალატის საზედამხედველო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი, შემოთავაზებულ პროცედურას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ წერილობითი პასუხები მათ საკმარის და საჭირო ინფორმაციას, ისევე როგორც ჯვარედინი შემოწმების საშუალებას, არ მისცემს. მისივე თქმით, კანონმდებლებს მამხილებლის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეკითხვები აქვთ და ეს პროცედურა მხოლოდ ამ ყველაფრის საიდუმლოდ დარჩენას შეუწყობს ხელს.

მამხილებლის ადვოკატმა ბრალდებას "ტვიტერითვე" უპასუხა და თქვა, რომ ამგვარი განცხადებები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რესპუბლიკელ კანონმდებლებს მამხილებელთა დაცვის ფედერალური გარანტიები არასწორად ესმით.

საიმპიჩმენტო გამოძიება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, დემოკრატების ინიციატივით მიმდინარეობს, ცდილობს დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა ძალაუფლება ბოროტად, როდესაც უკრაინელ კოლეგას თავისი დემოკრატი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიება სთხოვა. ამასთან, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG