ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში საემიგრაციო რეფორმა განიხილება


გასული კვირის განმავლობაში ამერიკელების მზერა ბოსტონზე იყო მიმართული, რის გამოც დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებმა და საკანონმდებლო ინიციატივებმა უკანა ფლანგზე გადაინაცვლა. იარაღის თავისუფლად ტარების რეფორმირების იდეას დიდი წინააღმდეგობა სენატში შეხვდა. საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით კი, სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა, რომელსაც საზოგადოება „რვიანის“ სახელით იცნობს- სისტემის რეფორმირების პაკეტი წარმოადგინა.

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც „რვიანის“ ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, ამბობს:

„პირველ რიგში ჩვენ ახალი წინადადებით ჩვენი საემიგრაციო სისტემის რეფორმირებას და პარალელურად, მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი პროფესიონალების ამერიკაში მობილიზებას ვახდენთ.“

დემოკრატი სენატორი პატრიკ ლიჰაი, რომელიც სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს აცხადებს რომ სტატუ კვო მიუღებელია:
„საემიგრაციო სისტემა გაუმართავია. დროა ამ სფეროს მივხედოთ, რადგან ემიგრაციის თემა ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას.“

აღნიშნული კანონპროექტი არალეგალ მოსახლეობას ხანგრძლივი დროის შემდეგ, მოქალაქეობის მიღების საშალებას აძლევს. კონგრესმენთა იმ ნაწილის თანახმად, რომელიც კანონპროექტს ეწინააღმდეგება, საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში უსაბუთო ემიგრანტებს ამნისტია მიენიჭებათ, და ამას გარდა, სხვა პოტენციურად არალეგალ ემიგრანტებს ამერიკაში შემოსვლის სურვილს გაუჩენს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ლუ ბარლეთა ამბობს, რომ ეს პროცესი ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, და ამასთან, უმუშევარი ამერიკელების დასაქმების პერსპექტივას ავნებს.
ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არგუმენტი, რომელიც საემიგრაციო სისტემის რეფორმირების დებატებში ფიგურირებს, შესაძლოა მართლაც წამყვანი ფაქტორი გახდეს ბოსტონის აფეთქებების შემდეგ. აფეთქებების ორივე ეჭვმიტანილი ორგანიზატორი ამერიკაში კანონიერად, უცხოეთიდან შემოვიდა. მათი მოქმედების მოტივებს სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ, თუმცა ორი ახალგაზრდა კაცის ისტორიას და საემიგრაციო რეფორმასთან ასოციაციას ხშირად მოისმენთ მიმდინარე დისკურში.

რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: „ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გამკაცრდეს ამერიკაში შემოსულთა კონტროლი და ზედამხედველობა და რომ მთავრობამ ასევე მაქსიმალურად მოინდომოს რომ დანაშაულის ჩადენის მსურველები საემიგრაციო სისტემის უპირატესობებით ვერ ისარგებლებენ."
XS
SM
MD
LG