ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმიგრანტების ბედი გერმანიაში


იმიგრანტების ბედი გერმანიაში
იმიგრანტების ბედი გერმანიაში

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მულტი-კულტურალიზმი გერმანიაში წარუმატებელი აღმოჩნდა. მის მიერ გამოტანილი განაჩენი იმიგრაციის მიმართ გერმანიის მთავრობის მიდგომაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ არცთუ შორეულ წარსულში გერმანიის ხელისუფალნი იმიგრაციას უფრო ლიბერალურად უდგებოდნენ. თავისი შენიშვნებით მერკელი ახლა ტილო სარაზინს ემსგავსება. ტილო სარაზინი გერმანიის სახელმწიფო ბანკის ბუნდესბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც ახლახან დაწერა წიგნი იმის შესახებ, რომ იმიგრანტების უმრავლესობა გერმანიაში ადაპტაციას ვერ ახერხებს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი გერმანიიდან იუწყება, ხსენებული წიგნი გერმანიაში ერთ-ერთი ბესტსელერი გახდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის იმიგრანტების ინტეგრაციისკენ მიმართული ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მულტი-კულტურული მიდგომა, რომლის არსი მშვიდობიან და ბედნიერ თანაარსებობაში გამოიხატება, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა,“ განაცხადა კანცლერმა მერკელმა.

ბევრი გერმანელი ამ მოსაზრებას იზიარებს, რაც ხსენებული წიგნის რეკორდული რაოდენობით გაყიდვაში აისახა. ყოფილი გერმანელი ბანკირი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტილო სარაზინი წარმატებული წიგნის ავტორია, წიგნისა, რომელშიც იგი იმიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს ანვითარებს.

„ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტების ინტეგრაციასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა და კულტურულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინეს იმ ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, რომლებმაც ისინი შეიკედლეს,“ აღნშინა ტილო სარაზინმა.

გაყიდვის მოცულობის მიხედვით მისმა წიგნმა სახელწოდებით „თავისი ნებით ჩიხში შესული გერმანია“ გერმანიაში პირველი ადგილი მოიპოვა, აღნიშნავს ბიანკა კრეუმერი, ბერლინში მდებარე დუსმანის წიგნების მაღაზიის თანამშრომელი.

„გერმანიაში გამოცემის პირველი დღიდანვე ეს წიგნი დიდი ბესტსელერი გახდა და ხალხი მაღაზიაში განუწყვეტლივ მოდიოდა და ამ წიგნს კითხულობდა,“ აღნიშნავს ბიანკა.

ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში ასაკში შესული იმიგრანტები გერმანულს სწავლობენ. ეს სასწავლო ცენტრი გერმანული ენისა და კულტურის უფასო გაკვეთილებს იმ იმიგრანტებს სთავაზობს, ვისაც სწავლების საფასურის გადახდა უჭირს. გერმანული ენის შესწავლის ცენტრს ბერნტ ეკხარტი ხელმძღვანელობს. მისი თქმით:

„მთავრობის მოთხოვნა ის გახლავთ, რომ თუ თქვენ ამ ქვეყანაში დარჩენა გსურთ, მაშინ თქვენ გერმანული იმ დონეზე მაინც უნდა შეისწავლოთ, რომელიც საზოგადოებაში თქვენ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.“

პაკისტანელი იმიგრანტი ტასნიმ გული გერმანიაში ექვსი თვის წინ ჩამოვიდა. მართალია სახლში იგი მშობლიურ ურდუზე ლაპარაკობს, მას გერმანულის სწრაფად შესწავლა სურს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოელებმა შეისწავლონ ენა რადგან ენის ცოდნის გარეშე ამ ქვეყანაში მე ვერ გადავრჩები,“ აღნიშნავს ტასნიმ გული.

გერმანიის პარლამენტის წევრს მაიკლ ფუკსს მიაჩნია, რომ ყველა იმიგრანტმა სწორედ ენის შესწავლას უნდა დაუთმოს ყურადღება.

ფუკსი აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს იმ იმიგრანტების მიმართ, რომლებიც ენის შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე უარს აცხადებენ.

„სოციალური უზრუნველყოფის სისტემამ სოციალური გადასახადების გადახდა უნდა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ მშობლები საკუთარ ბავშვებს საბავშვო ბაღსა თუ სკოლებში არ უშვებენ,“ აღნიშნავს ფუკსი.

მიუხედავად გერმანიის კანცლერის განცხადებისა, გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გარკვეული იმედის ნიშნები გამოჩნდა. ნაკრების წევრთა დაახლოებით ნახევარი უცხოური წარმოშობის ფეხბურთელებისგან შედგება. ხოლო ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი კი გერმანიაში დაბადებული თურქია.

XS
SM
MD
LG