ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჰუმანიტარული დღე აღინიშნა


A Syrian refugee girl looks out from a tent amidst dust at Al Zaatri refugee camp in the Jordanian city of Mafraq, near the border with Syria, August 13, 2012.

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ბიონსე საკუთარ მომხიბვლელობასა და ვარსკვლავურ სიძლიერეს გლობალურ კამპანიაში იყენებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს ჰუმანიტარული დახმარების იმ მუშაკთა პატივსაცემად აღნიშნავს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ მილიონობით ხელმოკლე, კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებლად მთელს მსოფლიოში. დღე, რომელიც 19 აგვისტოს აღინიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ჰუმანიტართა თავდაუზოგავი, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების პატივსაცემად იქნა დაწესებული 2008 წლის დეკემბერში. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ლიზა შლეინი მოგვითხრობს ჟენევიდან.

„2012 წლის 19 აგვისტოს, დროა ერთად დავდგეთ. ერთი რამ გავაკეთოთ სხვა ადამიანისათვის. არაფერია უმნიშვნელო.”

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ბიონსე საკუთარ მომხიბვლელობასა და ვარსკვლავურ სიძლიერეს გლობალურ კამპანიაში იყენებს, რათა ჰუმანიტარული საქმიანობა ყურადღების ცენტრში მოექცეს და ადამიანებს სიკეთის კეთებისაკენ უბიძგოს.

19 აგვისტოს ის დღე აღნიშნა, როდესაც 2003 წელს, გაეროს შტაბბინაში ბაღდადში ბომბი აფეთქდა. ამ შემთხვევას ერაყში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, სერჯიო ვიერა დე მელოსა და 21 სხვა თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

ეს დღე, ასევე, უკვდავყოფაა იმ 31 ადამიანის სიცოცხლისა, მათ შორის გაეროს 17 თანამშრომლისა, რომლებიც 2007 წელს ტერორისტების მიერ ალჟირში გაეროს ოფისების აფეთქებას ემსხვერპლნენ. ეს დღე გაეროს 22 მშვიდობის დამცველთა პატივსაცემადაც აღინიშნება, რომლებიც 2010 წელს, ჰაიტის მიწისძვრის დროს დაიღუპნენ.

გაეროს ინფორმაციით, წელს, 26 ადგილობრივი და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი დაიღუპა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერის, ელიზაბეთ ბირსის თქმით, პროგრამის 12 თანამშრომელი და კონტრაქტორი სომალიში, სუდანში, ჰაიტიზე, სამხრეთ სუდანსა და კოტ-დივუარში შიმშილთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისას დაიღუპნენ.

„მიუღებელია, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ასეთი ფიზიკური ძალადობის, დამცირებისა და თავდასხმების, მათ შორის სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდეთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს სწორედ ის არის, რაზეც გვსურს ყურადღების გამახვილება,” - აღნიშნავს ბირსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთ-ერთი იმ უწყებათაგანია, რომელიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა სირიაში. რისკის მართვის დირექტორის, რიჩარდ ბრენანის თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცის მომსახურების საქმეში იმ რაიონებში, სადაც რთულია შეღწევა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვა, კონფლიქტურ წერტილებშიც აქტიურად მუშაობს.

ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სირიაში. არეულობის დაწყებიდან დღემდე სირიის წითელი ნახევარმთვარის ხუთი თანამშრომელი იქნა მოკლული. მომატებული საფრთხის გამო კვირას, 19 აგვისტოს, გაერომ 300-წევრიანი სამხედრო-სადამკვირვებლო მისია დაასრულა სირიაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, მსოფლიო ჰუმანიტარული დღე, უპირველესად, ჰუმანურობისა და იმ სულისკვეთების აღნიშვნაა, რაც ადამიანებს სხვების დახმარებისაკენ უბიძგებს. ადამიანებს, ყველგან, მთელს მსოფლიოში, შესწევთ ძალა, სხვათა მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობა შეამსუბუქონ. გაეროს თქმით, თანამშრომლობის შემთხვევაში, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG