ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანებით ვაჭრობა მსოფლიო პრობლემა გახდა


„ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ფაქტები გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში გარკვეულ ზღვარს აჭარბებს,- “ განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში ჯო იუნმა.

შეერთებული შტატების მთავრობის განსაზღვრებით ტრეფიკინგი წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობას, კერძოდ ადამიანების ყიდვას ან გაყიდვას ან მის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას, ასევე ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებას. ეს უკანასკნელი კი პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში, ანდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იძულებით მუშაობას გულისხმობს.

ბოლო მონაცემების თანახმად მოსფლიოს მასშტაბით 27 მილიონზე მეტი კაცი, ქალი თუ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია.

„სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა იბრძოლონ ტრეფიკინგის ყველა ფორმის აღსაკვეთად და ამისათვის ის სამი მიმართულება უნდა გამოიყენონ, რომელიც დამნაშავის დასჯას, დანაშაულის აღკვეთასა და მსხვერპლის დაცვას გულისხმობს,“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯო იუნი.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობებმა მრავალი წარმატებული ანტი-ტერფიკინგის კამპანია განახორციელეს. ინდონეზიის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კავშირმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმოებულ სადამსჯელო ღონისძიებებს თავი საკმაოდ კარგად გაართვა. კავშირმა გამოძიების ჩატარების შედეგად უმრავი ფაქტი სასამართლოს გადასცა. ხოლო 100 მეტი ადამიანი დამნაშავეების მარწუხებისაგან გაათავისუფლა.

ანალოგიურ ღონისძიებებს მიმართავს იაპონიაც. ვითარების შესწავლის შემდეგ იაპონიის მთავრობამ, უცხო ქვეყნის ხელოვნების წარმომადგენლებისათვის სპეციალური სავიზო რეჟიმის შეზღუდვა მოახდინა, რომელიც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო.

რაც შეეხება ტაილანდსა და მალაიზიას, ამ ქვეყნებმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის პროგრამები შეიმუშავეს. ტაილანდის პოლიციამ ცენტრალური აზიის ქყეყნებიდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადასარჩენად მკაცრი ზომები გაატარა, ხოლო მალაიზიაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში დამოუკიდებელი კვლევა ჩატარდა.

„მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების შელახვის ფაქტები კვლავ ფიქსირდება, - “ ამბობს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯო იუნი და იქვე დასძენს: „2003 წელს, მას შემდეგ რაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალერმოს პროტოკოლი ძალაში შევიდა, რომელიც ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგისაგან დაცვას ითვალისწინებს, ამ რეგიონის ქვეყნების რიცხვი პროტოკოლით გათვალისწინებული დებულებების შესრულების საკითხში გაორმაგდა.“


XS
SM
MD
LG