ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის აეროპორტში ფრენები მეორე დღეა უქმდება


საპროტესტო აქციების გამო, ჰონგ-კოგის აეროპორტში ფრენები ორშაბათის შემდეგ ფერხდება. დემონსტრანტებმა დემოკრატიის მოთხოვნით, აეროპორტის მთავარი ტერმინალი გუშინ დაიკავეს, რის გამოც მთელი დღის რეგულარული რეისები გადაიდო.

აეროპორტის ხელმძღვანელობამ ფრენების დარეგულირება ვერც დღეს მოახერხა და მგზავრებს დღესაც სთხოვა, აეროპორტში არ მისულიყვნენ. ორშაბათს, განაწყენებული მგზავრების ნაწილი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. ისინი დემონსტრანტებს შორის გზის გაკვალვას ძალის გამოყენებით შეეცადნენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის ორდღიანი შეფერხება მხოლოდ მცირე ნაწილია ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების. ორშაბათს, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის დაშლის გამო 54 ადამიანი დაშავდა, აქედან 28-ის მდგომარეობა სტაბილურია. ორი დემონსტრანტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაერო ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალადობისგან და კარგად გამოიძიოს ცრემლსადენი გაზის გამოყენებასთან დაკავშირებული ინციდენტები.

ხელისუფლება სამართალდამცავების ქმედებას შექმნილი ვითარების მართვის აუცილებლობით ამართლებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კერი ლამმა, ჰონგ-კონგის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ ადგილზე, "უკიდურესად რთულ ვითარებაში" უწევდათ გადაწყვეტილებების მიღება.

კერი ლამი დემონსტრანტებს დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს "სიტუაციის დაწყნარების შემდეგ" გადახედავს. რაც შეეხება ჩინეთს, პეკინმა ორშაბათს საპროტესტო აქციები "ტერორიზმად" მონათლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG