ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მინსკის ჯგუფში ახალი თანათავმჯდომარე ეყოლება


ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცის (ეუთო) მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანა-თავმჯდომარე რიჩარდ ჰოგლანდი თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, მას პენსიაზე გასვლის გეგმები აქვს.

დიპლომატმა ეს განცხადება ვაშინგტონში უცხოური პრესის ცენტრში გააკეთა. ჰოგლანდი ამჟამად სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეა სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში. მინსკის ჯგუფში ჰოგლანდს ენდრიუ შოფერი ჩაანაცვლებს. შოფერი კარიერული დიპლომატია და წარსულში ეუთოში ამერიკის მისიაში უმსახურია.

„მას აქვს კონფლიქტების მოგვარების გამოცდილება კვიპროსსა და სხვა რეგიონებში. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანმა ბრწყინვალე კანდიდატი შეარჩია მინსკის ჯგუფის თანა-თამჯდომარის პოსტზე,“ განაცხადა ჰოგლანდმა.

მისი თქმით, მინსკის ჯგუფში ახალი თანა-თავმჯდომარის დანიშვნა რეგიონის კონფლიქტებისადმი, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი აშშ-ის მიდგომის შეცვლის ნიშანი არ არის.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1994 წელს დაწყებული კონფლიქტი 2016 წლის აპრილში გამწვავდა, მაშინ შეჯახებებს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო მედიატორები მხარეებს მოუწოდებენ რეგიონში ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგან.

გასულ კვირას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ჰოგლანდმა რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტი გაავრცელა,

„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კანონიერი სტატუსი ერთად უნდა განსაზღვრონ,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰოგლანდმა და დასძინა, რომ ამაზე ეუთოს თანა-თავმჯდომარეები თანხმდებიან.

მისივე თქმით, ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური რეგიონის საზღვრებში არსებულ ტერიტორიებს, რომელსაც ბაქო არ აკონტროლებს, „გარდამავალი სტატუსი უნდა მიენიჭოს, რაც სულ მცირე, უსაფრთხოების და ადგილობრივი მმართველობის გარანტი იქნება.“

„მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე ვერ მოხერხდება,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ჰოგლანდმა ჟურნალისტებს დაურიგა.

ჰოგლანდი დასძენს, რომ ყარაბაღის გარდამავალი სტატუსი დროებითი მექანიზმი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG