ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში რუსულ ეკლესიას დემონტაჟი ემუქრება


ქალაქის მოდერნიზების მიზნით სტამბოლში ელია წინასწარმეტყველის სახელობის ისტორიული ტაძარი შეიძლება დაანგრიონ

თურქეთის ხელისუფლების გეგმამ გეზის პარკის მოდერნიზების შესახებ, რამდენიმე თვის წინ სტამბოლში ხანგრძლივი საპროტესტო მღელვარება გამოიწვია. მორიგი სადავო თემა ახლა რუსული ტაძარი გახდა, რომელსაც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის დროს რუსეთიდან დევნილები აფარებდნენ თავს. დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს.


ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ახალი უთანხმოების მიზეზი გახდა. ის სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში, კარაკოის უბანში მდებარე ხუთ სართულიანი შენობაა, თუმცა მე-19 საუკუნეში რუსი პილიგრიმების თავშესაფარს წარმოადგენდა, რომლებიც იქიდან იერუსალიმში და ათონის წმინდა მთისკენ მიდიოდნენ.


ორმოცი წლის შემდეგ ელია წინასწარმეტყველის ტაძრის კარები ისევ გაიხსნა. ბევრი ადამიანისთვის, რომელიც იქ არის ნამყოფი, ტაძარი რუსეთის მშფოთვარე ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს.


ერთ-ერთი დამთვალიერებელი ამბობს, რომ მას მამა რუსი ჰყავს, დედა- სომეხი. მისთვის ეს ტაძარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის რუსული არისტოკრატიის ერთ-ერთი პირველი ტაძარია, რომლებიც სტამბოლში რევოლუციის შემდეგ ჩავიდნენ. ეს ერთ-ერთი პირველი ტაძარია, რომელიც სტამბოლში აშენდა. 1920-იან წლებში რევოლუციას ბევრი რუსი გამოექცა და ტაძარს თავი შეაფარა.


მრევლის შემცირების გამო ტაძარი დაკეტილი იყო. თუმცა სტამბოლის ეკონომიკური შესაძლებლობებით მოხიბლული აღმოსავლეთ ევროპელი და კავკასიელი მიგრანტები სტამბოლს დაუბრუნდნენ.


ამ თვის დასაწყისში ტაძრის გახსნას ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე უძღოდა წინ. თუმცა როგორც რუსული ეკლესიის საქველმოქმედო საქმის წარმმართველი ივან დენიზენკო ამბობს, ტაძრის წინაშე არსებულ საფრთხეზე დრომ თავისი გავლენა იქონია.


ივან დენიზენკო; არსებობდა იდეა რომ ეს შენობა დაენგრიათ და მის ადგილას სასტუმრო აეშენებინათ. თუ ამ ტაძარს დაანგრევდნენ და სასტუმროს ააშენებდნენ, 5-10 მილიონ დოლარს თავისუფლად იშოვნიდნენ. ტაძრის გახსნამდე მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს შევხვდით და მისი გახსნის შესახებ ვუთხრით, პატრიარქმა ეს აზრი მოიწონა და ტაძარიც გაიხსნა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტაძრის შესასვლელში წარწერა უნდა გააკეთოს რომ ეს ისტორიული შენობაა. მანამდე ეს სავაჭრო შენობა იყო, როგორც სავაჭრო დანიშნულების ობიექტი მისი დემონტაჟი შესაძლებელი იყო. თუმცა, თურქეთის კანონმდებლობის თანახმად მისი დანგრევის უფლება აღარ აქვთ.


ეკლესიიდან ძველი კარაკოის უბნის ჩინებული ხედი მოჩანს. თუმცა ეს ხედი წმინდა ელიას ტაძრის წინაშე არსებულ საშიშროებას კიდევ ერთხელ გვახსენებს.
სულ რაღაც, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარე ნავსადგურში მსოფლიოს უდიდესი გემები დგანან. კარაკოის საპორტო ქალაქი აღარ წარმოადგენს იერუსალიმის გზაზე მიმავალ მორწმუნე პილიგრიმების თავშეყრის ადგილს, ის ახლა ათობით ათასი ტურისტის შეხვედრის ადგილად იქცა.


ხელისუფლებამ კარაკოის განვითარების გეგმის უფლება, რომელშიც ტურიზმის ცენტრის აღორძინება შედის 700 მილიონ დოლარად გაყიდა. გეგმაში შედის სავაჭრო მოლების, რესტორნების, ბუტიკების და ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა.


ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი გაიხსნა, მას მაინც სამართლებრივი დაცვის შეზღუდული გარანტია აქვს.


მამა ბესარიონი ფიქრობს, რომ წმინდა ელიას ტაძრის გადარჩენა არა მხოლოდ მცირერიცხოვანი მრევლისთვის, არამედ მთლიანად ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.


მამა ბესარიონი: ტაძრის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ის კონსტანტინეპოლის მრავალკულტურული სივრცის ძირითადი ნაწილია. მორწმუნეების დიდი ნაწილი, რომელიც ტაძარში სალოცავად იყო მისული, იმ ადამიანების შვილები არიან, რომლებიც სტამბოლში დაოჯახდნენ, მოინათლნენ, გასული საუკუნის 20-იან 30-იან წლებში რუსეთიდან დევნილი არისტოკრატიის წარმომადგენლები იყვნენ. ეს ძალიან სასიამოვნო, ემოციური მომენტია. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ეკლესიას ლოცვის და გალობის ხმა დაუბრუნდა.


უცნობია მართლმადიდებლური გალობის ხმა კიდევ რამდენი ხანი გაიჟღერებს კარაკოის საპორტო ქალაქის ქუჩებში. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიჯარეებმა უკვე მიიღეს ოფიციალური შეტყობინებები, რომ შენობები დატოვონ. თუმცა ამ დროისთვის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს შენობის დაცლის ბრძანება ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG