ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ჰაიტიში


არჩევნები ჰაიტიში

ჰაიტელები არჩევნების შედეგების მოლოდინში არიან. სულ მალე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება: მიშელ მარტელი ან მირლანდ მანაგატი. წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგების გამოქვეყნება კი 16 აპრილისთვისაა დაგეგმილი. ჰაიტელებს აინტერესებთ, თუ ვინ იქნება საბოლოო გამარჯვებული, ვინ გადაიბარებს მიწისძვრით განადგურებულ ქვეყანას და მასთან ერთად უამრავი ჰაიტელის სამუდამოდ შეცვლილ ცხოვრებას.

ვაშინგტონის ტრინიტის უნივერსიტეტის ჰაიტის პროექტის დირექტორი, რობერტ მაგვაიერი, აღნიშნავს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ იყო პრიორიტეტული იდეოლოგიების თვალსაზრისით. ხალხი უფრო პრაქტიკული მოსაზრებით აძლევდა ხმას თავის მთავარ კანდიდატს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან პრაგმატული არჩევნები იყო, რომელზეც ხალხი ერთ კონკრეტულ კითხვაზე ეძებდა პასუხს: ვინ არის ადამიანი, რომელიც როგორღაც გამიუმჯობესებს სიტუაციას, უკეთესობისკენ შეცვლის ჩემს ცხოვრებას?“

ჰაიტიში უამრავ პრობლემას შორის მთავარი ლტოლვილების დაბინავებაა. ნახევარი მილიონი ადამიანი იქ ჯერ კიდევ ბანაკებში ცხოვრობს. ჰაიტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ჯორჯ სასინი, ამბობს, რომ კერძო სექტორი მზად არის დაიწყოს სახლების მშენებლობა, ოღონდ ჰაიტიში ჯერ პოლიტიკური სიტუაცია უნდა მოგვარდეს და სტაბილური გახდეს.

პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებელი იქნება, რადგან თვით ამ ბანაკებში საკმაოდ მოუწესრიგებელი სიტუაციაა, აღნიშნავს ბატონი სასინი. ბევრი უკვე წავიდა იქიდან. ბანაკში ახალი მოსახლეები მოვიდნენ, რადგან იციან, რომ იქ უფასო წყალი, ჯანდაცვა და სხვა მრავალი სახის ჰუმანიტარული დახმარებაა. ასე რომ იქ მცხოვრებლებს შორის ყველა უბინაო არ არის.

ჯო ლეიტმანი, მსოფლიო ბანკის პროგრამის დირექტორი, რომელიც ჰაიტის რეკონსტრუქციის ფონდს განაგებს, ამბობს, რომ 16 საერთაშორისო დონორის წინასწარი დაპირებით 2011 წლის ფონდი 5.6 მილიარდ დოლარამდე ავა. ამ თანხის ნაწილი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისის დაფარვას მოხმარდა. დანარჩენი კი 20 სხვადასხვა სამშენებლო პროექტში ჩაიდება. მას იმედი აქვს, რომ ხალხის მცდარი შეხედულება, თითქოს დახმარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, მალე შეიცვლება:

„არ ვიცი საიდან მოდის ეს აზრი. შეიძლება ლოგიკურია, რომ ხალხი ასე ფიქრობს და ჩვენ მათ უკეთ უნდა ავუხსნათ, თუ რა კეთდება მათთვის. პროგრამებში ფული უკვე ჩადებულია და ისინი მალე ამოქმედდება. ზოგიერთი მათგანის დანერგვა უკვე დაწყებულია“.

საერთაშორისო საზოგადოებას და ჰაიტელ პოლიტიკოსებს შორის გარკვეული უთანხმოებაა თანხების მიზნობრივი განაწილების შესახებ. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ჰაიტის ეროვნული არმიის აღდგენაა. ჯარი 1995 წელს დაშალეს, რადგან მას მთავრობა სამოქალაქო რეპრესიების განხორციელებისთვის იყენებდა.

კანდიდატები არგუმენტად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ არმიის შექმნა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში. რაზეც უცხოელი დონორები აცხადებენ, რომ ეს არ არის სამუშაო ადგილების შექმნის რეალური ეკონომიკური სტრატეგია. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ჰაიტელი ლიდერები, რომ ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა ყველაზე სწორი ინვესტიცია იქნება ჰაიტის ეკნომიკურ სტაბილურობაში. ჰაიტელი პოლიტიკოსები მრეწველობის განვითარებას სოფლის მეურნეობაში ინვესტირებას ამჯობინებენ და ე. წ. „დამოუკიდებელ სასურსათო პროგრამაზე“ საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ სურთ თვითონ გამოიკვებონ საკუთარი თავი.

უთანხმოებების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია ჰაიტელების აზრი გაითვალისწინოს. მომავალ პრეზიდენტს კი დიდ შესაძლებლობებთან ერთად მრავალი მოუგვარებელი პრობლემა დახვდება. მან წარმატებული დიალოგი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებთანაც უნდა გამართოს.

XS
SM
MD
LG