ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენგენის შეთანხმების გაფართოვების საკითხი


გერმანიას ბულგარეთთან და რუმინეთთან უვიზო მიმოსვლა არ სურს

გერმანიასა და ევროკავშირში უვიზო რეჟიმის სისტემის გაფართოების შესახებ მსჯელობენ, რომელიც შენგენის შეთანხმების სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულებაზე მიერთების სურვილი ბულგარეთმა და რუმინეთმა გამოთქვეს. მათ განაცხადს ავსტრია უჭერს მხარს. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ გერმანიაში. ბერლინი ვეტოს გამოყენებით იმუქრება, რადგან შიშობს, რომ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან გერმანიაში ბოშების დიდი ნაკადის შედინება მოხდება, რაც მათ კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის. დეტალებს ბერლინიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ სკატურო არკვევდა.

ბერლინში რიხდორფის დაწყებით სკოლაში აცრების დღეა დანიშნული. ეს პროგრამა ყველასთვის ღიაა, თუმცა სკოლის სასწავლო ნაწილი ფრანჩისკა ჯიფი ამბობს, რომ მათი სამიზნე ძირითადად ბოშა ბავშვები არიან, რომლებიც გერმანიაში ახალი ჩასულები არიან და ვაქცინაცია არ ჩატარებიათ.

„დაახლოებით 100 ბავშვი გვყავს. ვაგრძელებთ პროგრამას, რათა ყველა იყოს აცრილი. მშობლები ძალიან მოწადინებულები არიან. ისინი ჩვენთან მოდიან და იღებენ რჩევებს. ამ ბავშვებს პირველად აცრებს ვუტარებთ,“ - ამბობს სკოლის სასწავლო ნაწილი.

სკოლაში ბავშვების 93 პროცენტი იმიგრანტების ოჯახებიდანაა. აქ არიან თურქები, არაბები, პოლონელები. მათ ამჟამად უკვე დაემატნენ ბულგარელი და რუმინელი ბავშვები. სკოლის მასაწავლებლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ ეკითხებიან მათი ბოშური წარმომავლობის შესახებ, არამედ ამ ინფორმაციას თავად მშობლები უზიარებენ.
სასწავლო ნაწილი ჯიფი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბოშების მიმართ არც თუ კეთილგანწყობილია. მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროგრამა საჯარო გახდა, მოსახლეობამ სკოლაში დაიწყო წერილების გაგზავნა, სადაც მათ გადამხდელთა ფულების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ისინი ითხოვენ, რომ სკოლამ შეწყვიტოს ბოშა ბავშვებისთვის დახმარების გაწევა და ამ ოჯახებმა ბერლინი დატოვონ. თუმცა, ჯიფი ამბობს, რომ ბოშათა ოჯახები გერმანიაში უკეთესი ცხოვრებისთვის ჩამოვიდნენ და მათ ამის უფლება აქვთ, როგორც ევროკავშირის მოქალაქებს.


ზოგი ფიქრობს, რომ გერმანიაში ანტიბოშურ განწყობებს, გარკვეულწილად შინაგან საქმეთა მინისტრის ჰანს-პიტერ ფრიდრიხის პოზიციამაც შეუწყო ხელი, რომელიც ანგელა მერკელის კონსერვატიული კოალიციის წევრია. გერმანულმა გაზეთებმა მინისტრს ბრალი დასდეს შენგენის შეთანხმების გაფართოვების და რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეების იმიგრაციის საკითხების კომბინირებაში.

კორდულა სიმონი ბერლინის და ევროკავშირის ურთიერთობებს კურირებს. ის ამბობს, რომ გერმანიის კონსერვატიული ძალები არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბოშების საკითხის გამოყენებას ცდილობენ.

„წელს ჩვენ ახალ ფედერალურ მთავრობას ვირჩევთ. ეს პოლიტიკური საკითხია. თუკი თქვენ დუისბურგში, დორტმუნდში ან ბერლინში მოსახლეობას კითხავთ აზრს, განსხვავებულ პოზიციებს დაინახავთ, “ - ამბობს სიმონი.

მისი თქმით, გერმანიამ, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა მოახდინოს იმიგრანტ ბავშვებში ინვესტირება. თუმცა, გერმანელი კონსერვატორები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
XS
SM
MD
LG