ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერძნები სამუშაოს თურქეთში ეძებენ


ბერძნები სამუშაოს თურქეთში ეძებენ

რეცესიაში ღრმად ჩაფლული საბერძნეთის ეკონომიკის ფონზე სულ უფრო მეტი ბერძენი სამუშაოს მეზობელ თურქეთში ეძებს, გვაცნობებს ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტამბოლიდან დორიან ჯონსი. ბერძნების ნაკადი განსაკუთრებით სტამბოლში შეინიშნება, რაც უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას შემდეგ რაც 1821 წელს საბერძნეთმა ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მტრობისა და შემრიგებლობის პერიოდებით გამოირჩეოდა.

ელენი ვარმაზი კაფეში ყავას მიირთმევს. იგი სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ვარმაზი იმ ბერძენთა მზარდ რიცხცს მიეკუთვნება, რომლებმაც სტამბოლში სამუშაო იშოვეს.

„მე სამუშაოს გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ბრიუსელსა და ევროკავშირში, აგრეთვე კვიპროსზე ვეძებდი. ჩემი საბუთები ბევრ ვაკანსიაზე გავაგზავნე, თურქეთის ჩათვლით. ამჟამად სამსახურითა და სტუდენტებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე თურქ სტუდენტებთან მუშაობა ძალიან მინდოდა და ამ მხრივ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ჩემთვის აქ მუშაობა ბევრად უფრო ხელსაყრელია ვიდრე სამუშაოს ძებნა ლონდონსა თუ ბერლინში. საბერძნეთთან ძალიან ახლოს ვარ და შაბათ-კვირას უკან ვბრუნდები ხოლმე. მე პირადად ორ-სამ პირს ვიცნობ, რომლებმაც აქ სამუშაო იშოვეს და დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩვენნაირი ბევრია,“ აღნიშნავს ელენი ვარმაზი.

ვარმაზის ამბავი ნამდვილად უჩვეულოა რადგან საბერძნეთი და თურქეთი მუდამ პაექრობენ და ორი ქვეყანა ომის პირას რამდენიმეჯერ აღმოჩნდა. მაგრამ, როგორც მოვლენები გვიჩვენებს, ვარმაზის ამბავი შეიძლება არცთუ იმდენად უჩვეულო იყოს.

იონის გრიგორიადისი ბილკენტის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია. მან სტამბოლის ძველ ბერძნულ უბანში ფენერში ახლახან სახლი შეიძინა. გრიგორიადისი აღნიშნავს, რომ სტამბოლში ჩამოსული ბერძნების მზარდი რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის თანდათან უმჯობესდება.

„ჩვენ კარგა ხანია გადავლახეთ ის რთული პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა გასული საუკუნის 1990-იანი წლების მიწურულს განვლეს. მაშინ ხომ ჩვენ ომის პირას ვიყავით მისულები. ახლა კი ბერძენი სტუდენტები სტამბოლში თურქულის შესასწავლად ჩამოდიან. გასულ წელს თურქეთში პოპულარულმა სატელვიზიო სერიალმა საბერძნეთის ტელევიზიაზე მაყურებელთა მოწონება და მაღალი რეიტინგი დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმას, რომ საბერძნეთში თურქეთის აღქმა სწრაფად იცვლება. ხალხს ესმის, რომ, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, თურქეთსაც საკუთარი ნაკლოვანებები გააჩნია, მაგრამ საერთო ტენდენცია უფრო დაბალანსებული მიდგომისკენ მიგვანიშნებს,“ აღნიშნა გრიგორიადისმა.

ცოტა ხნის წინ სტამბოლში პირველად ბერძნული არქიტექტურისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე დამსწრეთა შორის უფრო ხშირად ბერძნული ენა ისმოდა ვიდრე თურქული. ლაკი ვინგასი სტამბოლის ბერძნული სათვისტომოს ერთ-ერთი თავკაცია. ვინგასი აღნიშნავს, რომ ერთ დროს ქალაქის ბერძნული სათვისტომო დაშლის პირას იყო მისული, მაგრამ ახლა ორგანიზაცია აღორძინდა.

„როგორც წესი, მშობლები ბავშვების სკოლის დამთავრებას ელოდნენ და შემდეგ ხალხი ოჯახებით საბერძნეთში საცხოვრებლად გადადიოდა. სწორედ ამით აიხნსება ის, რომ 100,000-დან ახლა სულ 3,000-ღა დარჩა. მაშინ ყველა საკუთარ ვიანობას მალავდა. მართლმადიდებლებს სახელის, გვარისა და რელიგიური მიმდევრობის გამჟღავნება ეშინოდათ. ახლა კი ყველა ღიად ამბობს ამას. სამწუხაროდ 20 საუკუნე ჩვენთვის ცუდი აღმოჩნდა. იმედი გვაქვს, რომ 21 საუკუნე ჩვენთვის შვების მომტანი იქნება,“ აღნიშნა ვინგასმა.

სტამბოლის ზოგფარენის სახელობის ბერძნულ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი მოწაფეებს გამოსაშვები გამოცდებისთვის ამზადებს. კლასში მხოლოდ ოთხი მოწაფე ზის. ხოლო სკოლაში სულ 100-ზე ნაკლები მოწაფე სწავლობს. წარსულში სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები სამუშაოდ საბერძნეთში მიდიოდნენ, მაგრამ ახლა ზოგი თურქეთში დარჩენას აპირებს.

სტამბოლში მომუშავე ბერძნების რაოდენობის ამსახველი რაიმე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის ფონზე და თურქეთის ეკონომიკური აღმავლობის გამო სულ უფრო მეტი ბერძენი სამუშაოს საშოვნელად სტამბოლის მიმართულებით გაეშურება. ალბათ ნიშანდობლივია ისიც, რომ თვით სიტყვა „სტამბოლი“ ბერძნულად ნიშნავს „მე ქალაქში მიდვივარ.“

XS
SM
MD
LG