ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფითი ამბები ადმინისტრაციული საზღვრიდან


ყოფითი ამბები ადმინისტრაციული საზღვრიდან

ნიქოზში დღემდე ყველა ომის მოგონებებით ცხოვრობს, შიშისა და სტრესის ქვეშ

ვანო დურგლიშვილის ოჯახი ცხინვალიდან, დაახლოებით 500 მეტრით დაშორებულ სოფელ ზემო ნიქოზში ცხოვრობს მეუღლესთან და ხუთ ქალიშვილთან ერთად. ცხოვრება ნიქოზში იოლი არ არის. გამუდმებით ისმის სროლისა და აფეთქების ხმები, წყლის არარსებობის გამო კი მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. სახელმწიფოსგან იმ ოჯახებისთვის, რომელებიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობენ, არავითარი სუბსიდია არაა გათვალისწინებული, ამიტომ დურგლიშვილების ოჯახიც დამოუკიდებლად ცდილობს თავის გატანას.

კონფლიქტის ზონაში ჩვეულებრივი, ყოფითი საკითხების გადაჭრაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანები ინდივიდუალურად, მათ ხელთ არსებული რესურსით ცდილობენ პრობლემებთან გამკლავებას. ნიქოზში ქართულ და ოსურ მხარეებს სასაფლაო ყოფს. გარდაცვლილთა განსასვენებელი ადგილი საერთოა ოსებისთვის და ქართველებისთვის. თუმცა დაკრძალვა და საფლავის მონახულება იქ ბევრ წინაღობას უკავშირდება.

ვანო დურგლიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის პირველ რიგში, განათლებით უზრუნველყოფაა საჭირო, ამიტომაც შეეცადა, რომ მის შვილებს კარგი განათლება მიეღოთ. თამუნამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სამსახური ჯერ ვერ იშოვა. ამბობს, რომ ჟურნალისტიკა აღარ იზიდავს, რადგან ეს არ აღმოჩნდა ისეთი სპეციალობა, როგორადაც თავდაპირველად წარმოედგინა. „მირჩევნია რაიმე წყნარი საქმე მქონდეს, ვიდრე აქტიური ჟურნალისტის ცხოვრებით ვიცხოვრო,“– ამბობს იგი.

თამუნა ხშირად მამასთან ერთადაა ნიქოზში. ამბობს, რომ რთულია, ისეთ გარემოში ცხოვრება, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან. „აქ ძალიან ცოტაა ჩემი ასაკის ადამიანი დარჩენილი. ყველა აქედან წასვლას ამჯობინებს. ვინც დარჩა ისინი პატარა ბავშვებს ზრდიან.“

ვანო დურგლიშვილი ამბობს, რომ ცხოვრება ნიქოზში რთულია, მაგრამ სახლს მაინც არაფერი ჯობს. ნიქოზში დღემდე ყველა ომის მოგონებებით ცხოვრობს, შიშისა და სტრესის ქვეშ. ჩვენი მასპინძელი ერთხელ ტყვედაც ჩავარდა, თუმცა აქ მაცხოვრებელთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე ჯერაც არ დამდგარა.

XS
SM
MD
LG